დუშეთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისგან მიყენებული ზიანის აღდგენითი სამუშაოები მეოთხე დღეა გრძელდება.
შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა შესაბამისი ღონისძიება ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ დრომდე ინტენსიურად ტარდება. დღეს დილიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან ერთად იმყოფებოდა გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მაცაცო ნარიმანიძე პირადად უწევს მონიტორინგს მიმდინარე სამუშაოებს.
ამ ეტაპზე, გუდამაყარში გაიწმინდა მოსული უხვი ნალექისგან დაზიანებული სოფლების- მაქართის, ზანდუკის შიდა გზების გარკევული ნაწილი. გაწმენდილია ზანდუკი-გამსი-ჩობალაურების 4 კმ-იანი მონაკვეთი. აღსანიშნავია, რომ გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალი ოთხი სოფლის დაზიანებული ელექტროენერგიის სადენები აღდგენილია და ადგილობრივეს უკვე მიეწოდება დენი. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად პარალელურ რეჟიმში ხორციელდება სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში შესაბამისი სამუშაოები. ასევე ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, დროებით სარგებლობისთვის სოფელ ბედონში აღდგენილია ხიდი და დაზიანებული გზის მონაკვეთი. შატილის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მუცოს მიმდებარედ აღდგენილია გზის დაზიანებული მონაკვეთი. ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაზარალებულ მოსახლეობას პირადად ხვდებიან, აქვთ მათთან კომუნიკაცია და არსებული საჭიროებების მოგვარებაში ეხმარებიან. მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს და ეს პროცესი პრობლემის სრულად მოგვარებამდე გაგრძელდება.
უხვი ნალექისგან მიყენებული ზიანის აღდგენითი სამუშაოები მეოთხე დღეა გრძელდება
29/06/2022