უწყებათა ერთობლივი ძალისხმევით არსებული გამოწვევების დაძლევა მეტად ეფექტიანადაა შესაძლებელი

04/04/2023

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის ხელმძღვანელობით, ა(ა)იპ “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის” წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის ექიმების პროგრამის ხელმძღვანელი მინდია ღლონტი ესწრებოდა, რომელმაც „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ მიერ 2022 წელს განხორციელებულ სამუშაოებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინა. მისი განმარტებით, ახალი ამბულატორიები მოეწყობა ფასანაურში, ჟინვალსა და თიანეთში. ქვემო ნიჩბისის, ყაზბეგის სიონის, ჭოპორტისა და ქვეშეთის ამბულატორიებში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. საუბარი, აგრეთვე, შეეხო სოფლის ამბულატორიებში არსებულ ვითარებასა და საჭიროებებს, ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისა და პროგრამის ფარგლებში დასაქმების საკითხებს. თავის მხრივ, პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ. მან „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ წარმომადგენლებს განხორციელებული საქმიანობისა და თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, რეგიონის ხელმძღვანელმა პირმა ყურადღება კოორდინირებული მუშაობის შედეგებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ უწყებათა ერთობლივი ძალისხმევით არსებული გამოწვევების დაძლევა მეტად ეფექტიანადაა შესაძლებელი. შეხვედრას, “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის” წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გიორგი ჩიფჩიური და გოჩა ქავთარაძე, მუნიციპალიტეტების მერები და მათი მოადგილეები. აღსანიშნავია, რომ სოფლის ექიმების სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებლად ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 2022 წლის 1-ელი მარტიდან განისაზღვრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0