უცვლელი რჩება დამსაქმებელთა ვალდებულება, სამუშაო დროის აღრიცხვის შესახებ

06/11/2022

სამუშაო დროის აღრიცხვის არსებულ პრაქტიკაზე იმსჯელეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. ქვეყანაში მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით, ყველა კომპანია ვალდებულია აღრიცხოს თანამშრომელთა ნამუშევარი საათები, რათა ზუსტად განისაზღვროს ხელფასის, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნისა და შვებულების ანაზღაურების ოდენობა. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში შესული ტენიკური ცვლილებები სამმხრივი კომისიის ფორმატში იქნა განხილული. ცვლილებები ძალაში 8 ნოემბრიდან შედის. სამუშაო დროის აღრიცხვის წესი ქვეყანაში 2021 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა, ამ დროის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, შესაძლებელი გახდა სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა კიდევ უფრო მოქნილი გამხდარიყო.
სისტემის შემუშავებისას გათვალისწინებული იყო როგორც ბიზნესის ასე დასაქმებულთა ინტერესები. უცვლელი რჩება დამსაქმებელთა ვალდებულება, სამუშაო დროის აღრიცხვის შესახებ ელექტრონული ან მატერიალური ფორმით. ინფორმაცია უნდა აისახოს ერთჯერადად, ყოველი თვის ბოლოს ან პერიოდულად, მთელი თვის განმავლობაში. დამსაქმებელი ასევე ვალდებულია ნამუშევარი საათების შესახებ ინფორმაცია გააცნოს საკუთარ თანამშრომელს. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, პროფესიული კავშირების გაერთიანება, დამსაქმებელთა ასოციაცია და კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0