უფლის გარდამოხსნა სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული

29/04/2016

უფლის გარდამოხსნა სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. სამების ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა. მსახურების ბოლოს ღვთისმშობლის ლოცვა ჯვარცმული იესოსადმი წაიკითხეს. ასევე შესრულდა საგალობლები, მათ შორის დავით გურამიშვილის ლექსზე შექმნილი საგალობელი. გარდამოხსნა საკურთხევლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად გამოაბრძანა. გარდამოხსნა დიდ ქსოვილს წარმოადგენს, რომელზედაც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. გარდამოხსნა უწმინდესს თავზე ჰქონდა გადაფარებული და საკურთხევლიდან მსვლელობით ერთხელ მოხდა ტაძრის შუაგულში შემოტარება, რომლის შემდეგაც გარდამოხსნა მისთვის მომზადებულ სპეციალურ სადგამზე – „საფლავზე“ დაასვენეს. მის წინაშე სასულიერო პირებმა და მრევლმა დიდი მეტანიები შეასრულეს და მას ემთხვივნენ.
მანამდე ტაძარში წაიკითხეს სპეციალური ლოცვები, ასევე წმინდა სახარებიდან წაიკითხეს ადგილი უფლის გაცემის, პილატეს სამსჯავროზე წარდგომის, წამების, ჯვრაცმის და საფლავად დადების შესახებ.
გარდამოხსნა ტაძარში არასრული სამი დღე დარჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0