უფალი ადამიანს აძლევს ისეთ ჯვარს, რომლის ტარებაც შეუძლია

03/04/2016

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აუტიზმის მქონე ბავშვები დალოცა. აუტიზმით დაავადებული ბავშვები და მათი მშობლები დღეს სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულთან დაკავშირებით, მისმა უწმინდესობამ საზეიმო წირვა აღავლინა.

“ყოველი ადამიანი არის ჯვრის მტვირთავი, ჯვრის მატარებელი. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ მძიმე ჯვარი გააჩნია. ჯვარს აძლევს უფალი და აძლევს ისეთ ჯვარს, რომლის ტარებაც ადამიანს შეუძლია. ზოგიერთ ადამიანს ეძლევა ჯვარი პირადი პრობლემების, ზოგიერთს _ ერის სიმძიმის ტვირთვა. დაიწერა საგალობელი “დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო”. არის შემთხვევები, ადამიანი, რომელსაც გააჩნია მძიმე ჯვარი, ეცემა და ფიქრობს, თითქოს ყველაფერი უკვე დამთავრდა, მაგრამ ადამიანმა უნდა მოიკრიბოს ძალა და სთხოვოს, უფალს. უფალი თვითონ მიდის და ეხმარება ადამიანს ჯვრის ტარებაში”, – აღნიშნა მისმა უწმინდესობამ.

მისი თქმით, ადამიანის ცხოვრება შედგება ჯვრისგან, სადაც ვერტიკალური ხაზი არის ღვთისკენ სწრაფვა და ჰორიზონტალური – ადამიანისკენ. პატრიარქის თქმით, ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით შექმნის ჯვარს. “დღეს ჩვენთან იმყოფებიან მშობლები, რომელთაც ჰყავთ ავადმყოფი შვილები აუტიზმით. ეს არის ჯვარი თქვენი და თქვენი შვილების. ღმერთმა მოგცეთ მადლი და ძალა ბოლომდე ზიდოთ ეს ჯვარი. აუტიზმი მძიმე ავადმყოფობაა, მაგრამ ამავე დროს, ხშირია შემთხვევა, როდესაც ისინი გრძნობენ და ხედავენ უფრო მეტს, ვიდრე ჩვენ. ხშირია შემთხვევა, როდესაც აუტიზმით დაავადებულები გენიალური ადამიანები ხდებიან”, – ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ ასევე აღნიშნა, რომ ზოგჯერ ადამიანი, მძიმე ჯვრის წინაშე ეცემა და თავს იკლავს. მისი თქმით, ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავარდეს სასოწარკვეთაში და ღმერთი მას სიმძიმის დაძლევაში დაეხმარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0