ურეკი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი

16/06/2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ურეკში, წყლის ინფრასტრუქტურის ორ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. აღნიშნული პროექტი დაბა ურეკის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის, ასევე კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს.
მიმდინარე სამუშაოები, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, გურიის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან ბადრი გობრონიძესთან ერთად დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლები ორივე ობიექტზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.
დაბა ურეკში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის, აზიის განვითარების ბანკმა 78 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო. წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის პროექტის ფარგლებში, მოხდება ურეკის წყალმომარაგებისა და წყალარინების სატუმბი სადგურის, 2 ახალი რეზერვუარისა და წყალმომარაგების სადისტრიბუციო ქსელის, ასევე კანალიზაციის ქსელისა და ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.
დღემდე, ურეკში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ, კი ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. კანალიზაციის ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის შედეგად, კი შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0