ურბანულ მიმართულებას შეგვიძლია ახალი სერვისები დავამატოთ, რომელიც ფასიანი იქნება

18/05/2023

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას 17 მაისი – ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა.

„17 მაისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ინიციატივით, აღინიშნება ოჯახის სიწმინდე დღე, როგორც სიმბოლო ოჯახისა და ქვეყნის ერთიანობის. მინდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ჩვენს ოჯახებს მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სხდომაზე თბილისის მერმა რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ახალი, ფასიანი სერვისების შემოღება იგეგმება. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა კი, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

„ურბანულ მიმართულებას შეგვიძლია ახალი სერვისები დავამატოთ, რომელიც ფასიანი იქნება. ეს როგორც ფიზიკურ პირს, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მომსახურება დაჩქარდეს და პასუხი ვადაზე ადრე გაეცეს. მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და შესაბამის სამსახურებს, რომ დაიწყონ ამ საკითხებზე მუშაობა. ამასთან, დღეს არის კიდევ ერთი პრობლემა – არიან ადამიანები, ვისაც არ აქვთ გამოცდილება, თუ როგორ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა არქიტექტურის ან ურბანულ სამსახურთან. არის შემთხვევები, როდესაც შემოტანილ განცხადებაზე ხარვეზი უდგინდებათ. ჰგონიათ, რომ მუნიციპალიტეტი უარს ეუბნება კონკრეტულ ადამიანს ნებართვის გაცემაზე. ფასიანი მომსახურების დამატების შემდეგ, იმ ადამიანებს, რომლებსაც დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება არ აქვთ, ეყოლებათ მერიის თანამშრომელი წარმომადგენლის სახით და ყველა სამუშაოს ის შეასრულებს. ჩემი თხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად დავამუშაოთ აღნიშნული სერვისების დაგეგმვა. საზოგადოებას კი ექნება არჩევანი – სწრაფი ფასიანი სერვისი მიიღოს ან კანონით გაწერილ ვადაში ეცნობოს პასუხი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ სატრანსპორტო მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამ მეტროსადგურში – „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილსა“ და „დიდუბეში“ ახალი, განსხვავებული გაბარიტების ტურნიკეტები დაიდგმება.

„ეს ტურნიკეტები უფრო ვიწროა, რაც მათი მეტი რაოდენობის დადგმის შესაძლებლობას მოგვცემს. შესაბამის ტურნიკეტებს მოგვაწვდის კომპანია „ქართული მიკროელექტრონიკა“. მასთან უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, მისივე თქმით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ტურნიკეტების რაოდენობა უკვე გაიზარდა, რამაც მგზავრთა გამტარუნარიანობა გააუმჯობესა და მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემა მოაგვარა.

„მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ასასვლელ-ჩამოსასვლელი დილის პიკის საათებში ვერ ახერხებდა საჭირო რაოდენობის მგზავრების გატარებას, რის გამოც გარე პერიმეტრზე რიგები ჩნდებოდა, რაც საზოგადოების დისკომფორტს და გაღიზიანებას იწვევდა. მოკლევადიანი პრობლემის მოგვარებისთვის ჩვენ დავამატეთ ტურნიკეტები – 7 გასასვლელის ნაცვლად, მოეწყო 10 გასასვლელი, რამაც გაზარდა გამტარუნარიანობა. ერთ საათში, 6 300 მგზავრის მიღების ნაცვლად, 9 000-მდე მგზავრის გატარებაა შესაძლებელი. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ პრობლემა მთლიანად მოგვარებულია. ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა აზიის განვითარების ბანკთან, რათა ახალი, დამხმარე ასასვლელ-ჩამოსასვლელის პროექტი განვახორციელოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქში გაზრდილ მგზავრთა ნაკადზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2024-2025 წლებში ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ყველას გვახსოვს განადგურებული, გაუბედურებული, ძირგამომპალი ყვითელი ავტობუსები და მიკროავტობუსები, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებდა, ჰაერის დაბინძურების, კომფორტულობის თვალსაზრისით ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა და ადამიანებს არავითარი სურვილი არ უჩნდებოდათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების. დღეს ჩვენ გვყავს განახლებული ავტობუსები, მიკროავტობუსები, რაც ძალიან კარგია. მეტროში შესაბამისი შესყიდვა განხორციელებული გვაქვს, დაწყებული გვაქვს მეტროს განახლება, მეტროსადგურების რეაბილიტაცია. ასევე, 2024-2025 წლებში ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა A კატეგორიის ტაქსებისთვის სიახლეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 22 მაისიდან მუნიციპალურ სერვისცენტრებში სპეციალური სტიკერების გაცემა დაიწყება.

„22 მაისიდან ვიწყებთ სპეციალური სტიკერების დარიგებას, რომელიც იდენტიფიცირების საშუალებას მოგვცემს. სტიკერები დაურიგდება A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს. ამასთან, 1 ივნისიდან ამ სტიკერის მქონე ტაქსებს საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლება ექნებათ. სტიკერების მიღება ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ მუნიციპალურ სერვისცენტრებში. სტიკერი განთავსდება ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის მგზავრობის ღირებულების QR კოდით გადახდის ინოვაციურ სერვისიც ამოქმედდება. თბილისის მერის თქმით, სერვისის მიღებას A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, სურვილის შემთხვევაში, 22 მაისიდან შეძლებენ.

„ეს ინოვაციური სერვისი კომპანია BKN301 Georgia-მ შეიმუშავა. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ QR კოდი, რომელიც ძალიან კომფორტულია როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრისთვის. შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს ხელზე თანხა და ის ამ დროს ბარათით საფასურის გადახდას მარტივად შეძლებს ამ QR კოდის საშუალებით. ტაქსის მძღოლი კი მომენტალურად მიიღებს თანხას მის საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული QR კოდების გაცემა შესაძლებელი იქნება 22 მაისიდან, შეგიძლიათ მობრძანდეთ თბილისის მერიის, სამგორისა და გლდანის მუნიციპალურ სერვის ცენტრებში (ჟ.შარტავას ქ. N7; მოსკოვის გამზირი N14; დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ). სადაც იქნებიან ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ყველანაირად დაგეხმარებიან“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ აპლიკაცია Fix Tbilisi-ის შესახებაც ისაუბრა.

პირველ ეტაპზე, აპლიკაცია აერთიანებს საკითხთა ოთხ კატეგორიას: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარეგანათების დაზიანება და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანება. მოქალაქე შეძლებს დააფიქსიროს დაზიანება, გადაუღოს ფოტო, მიუთითოს მისამართი და დაურთოს აღწერა. აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს.

„საკმაოდ დიდი აქტიურობაა, უკვე 180-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული, რაც ძალიან კარგია. მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გავუხადო, ვინც ზრუნავს, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით. ერთად უნდა ვებრძოლოთ ქალაქში ვანდალიზმს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, აპლიკაციის გადმოწერა google play store-იდან ან app store-იდან არის შესაძლებელი. კახა კალაძემ ევროპის მუზეუმების ფორუმზე ილია ჭავჭავაძის თბილისის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის „სპეციალური აღნიშვნის პრიზით“ დაჯილდოებაში შეტანილი წვლილისთვის თბილისის მუზეუმების გაერთიანების გუნდს მადლობა გადაუხადა.

„ბარსელონაში გამართულ ევროპის მუზეუმების ფორუმზე ილია ჭავჭავაძის თბილისის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს „სპეციალური აღნიშვნის პრიზი“ გადაეცა. მიხარია, რომ დიდ ბრიტანეთთან, ნიდერლანდებთან, ავსტრიასთან, ბელგიასთან და შვეიცარიასთან ერთად, განსაკუთრებული აღიარება, თბილისში მდებარე მუზეუმმაც დაიმსახურა. მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის განვითარების ფონდს გაწეული უდიდესი სამუშაოსთვის, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული მუზეუმის რეაბილიტაციის სამუშაოებში. განსაკუთრებული მადლობა თბილისის მუზეუმების გაერთიანების მთელ გუნდს, რომელმაც საინტერესო ფორმით წარმოაჩინა ჩვენი ქვეყნის უდიდესი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ცხოვრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საუბრის დასასრულს, თბილისის მერმა საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი დამსახურებული თანამშრომელი – კოტე თაბაგარი წარუდგინა, რომელიც 41 წელია მუნიციპალური ავტობუსის მძღოლად მუშაობს.

„მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი კიდევ ერთი გამორჩეული თანამშრომელი – 67 წლის კოტე თაბაგარი. ის მუნიციპალური ავტობუსის მძღოლად 1982 წლიდან მუშაობს და აგერ უკვე 41 წელია ერთგულად ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს. მიუხედავად პროფესიის სირთულისა, არასდროს უფიქრია სხვა პოზიციაზე მუშაობაზე და დღემდე თავისი საქმისა და მგზავრების ერთგული რჩება. ბატონ კოტეს ყოველდღიურად ათასობით მგზავრი გადაჰყავს ბაგებიდან კრწანისის დასახლებამდე და ტრანსპორტირების პარალელურად მათ განწყობაზეც ზრუნავს. ძალიან მახარებს ეს დამოკიდებულება. ჩვენთან მადლიერი მგზავრებისგან ბევრი შეტყობინება შემოვიდა, რაც სასიამოვნოა. ეს ადამიანი არა მხოლოდ მოვალეობას ასრულებს, არამედ სიყვარულით აკეთებს თავის საქმეს და სრულებით უცხო ადამიანებისთვის სიხარულის, ღიმილის, იმედის წყაროა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ საქმისთვის, რასაც 41 წელია აკეთებს, ემსახურება ჩვენს ქალაქს, მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ, ბატონი კოტე მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს თავის საქმიანობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0