საქართველოს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, ვიცე-პრემიერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.
„ჩემთვის პატივია, წარმოგიდგინოთ ანგარიში, ერთი მხრივ, მიღწეული ეკონომიკური შედეგების, მიღებული პოლიტიკის გადაწყვეტილებების და სამომავლო გეგმების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, იმ გამოწვევებზე, რომელთა გადაჭრაც მთავრობის კოორდინირებულ და მიზანმიმართულ ძალისხმევას საჭიროებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს კერძო სექტორის განვითარებას, როგორც ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელს და სამუშაო ადგილების ძირითად წყაროს და ამ მიზნის მისაღწევად უზრუნველყოს ბიზნესისთვის სტაბილური და პროგნოზირებადი ბიზნეს კლიმატის შექმნა, საინვესტიციო და ეკონომიკური აქტივობისთვის ხელშემწყობი მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება, ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში სტრუქტურული რეფორმების და იმ საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელება. მინისტრის თქმით, პანდემიის პარალელურად, რუსეთ-უკრაინის ომმა და დაძაბულმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ რეგიონში, პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი ქვეყნის ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. თუმცა, გამოწვევების მიუხედავად, შეძლო როგორც ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, ისე ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციის გაგრძელება. ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრებს ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება, ძირითად პარამეტრები, სტატისტიკა და დარგობრივ სექტორებში არსებული ვითარება დეტალურად გააცნო.
როგორც მან აღნიშნა, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რომელმაც 10.3% შეადგინა.
მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების, მშენებლობის, მრეწველობის და მომსახურების სექტორში, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. ამავე დროს, ეკონომიკური აქტივობის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, საერთაშორისო გადაზიდვების და სხვა არხებიდან მიღებული სავალუტო შემოდინებები. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ექსპორტის მიმართულებით სტაბილურად ფიქსირდება პოზიტიური ტენდენციები. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა აისახა დასაქმების დონის ზრდაზე.
„როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობამ გადააჭარბა პანდემიამდელი პერიოდის (2019 წლის) ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელსაც“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი განცხადებით, 2022 წელი პოზიტიური იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც. მინისტრმა ხაზი გაუსვა ტურიზმის აღდგენის ტენდენციებს, რომელიც, მისი თქმით, 2022 წელს გაძლიერდა.
„ჩვენი მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ტურიზმიდან შემოსავლები მინიმუმ 2019 წელს ანუ ჩვენს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებლებს გაუტოლდება“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილმა ასევე აღნიშნა 2022 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ საერთაშორისო გადაზიდვებით განხორციელებული ტვირთების რაოდენობა. მისი ინფორმაციით, ამ მაჩვენებელმა 17.9 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 20%-ით მეტია.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2022 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-ს შეადგენს, ხოლო საშუალო ვადიან პერიოდში 2022-2027 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის და საშუალოდ 5.6%-ს გაუტოლდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, იმ პოზიტიური ტენდენციების ფონზე, რაც ეკონომიკური აქტივობის კუთხით დაფიქსირდა, არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები. მინისტრის თქმით, ინფლაცია ძირითად გამოწვევას წარმოადგენდა პანდემიის პერიოდშიც და ახალმა კრიზისმა, რაც, პირველ რიგში, მიწოდების ჯაჭვების რღვევასა და რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება, ის კიდევ უფრო გაამწვავა.
„უპრეცედენტოდ მაღალი ინფლაცია ფიქსირდება მთელ მსოფლიოში. ჩვენც საკმაოდ მაღალი ინფლაცია გვაქვს და ჯერ კიდევ შორს ვართ სამიზნე მაჩვენებლისგან. ეს პირდაპირ აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე. მნიშვნელოვანია, ასეთ პირობებში ჩვენ გვქონდეს სოციალურად პასუხისმგებლიანი პოლიტიკა და მიზნობრივი სოციალური პროგრამების მეშვეობით, დავეხმაროთ სწორედ იმ ჯგუფებს, რომელიც ყველაზე მეტად მოწყვლადია“, – განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.
მან ერთ-ერთ მტკივნეულ გამოწვევად ასევე დაასახელა სიღარიბე თუმცა, აღნიშნა ისიც, რომ ეს მაჩვენებელი წელს ისტორიულ მინიმუმზეა.
„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიღარიბის დონე დღეს ისტორიულ მინიმუმზეა თუმცა, გვესმის, რომ ეს ჯერ კიდევ რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. ამის დაძლევის ერთადერთი გზა – სწრაფი ეკონომიკური ზრდა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაა“, – განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ეკონომიკის მხარდაჭერის პარალელურად, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, უკვე გატარებულ და განსახორციელებელ რეფორმებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, განსაზღვრულია რამდენიმე სტრუქტურული რეფორმა, რომელსაც სახელმწიფო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელებს. მომხსენებლის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის ზრდასთან ერთად, კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულებაა ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება. მისი ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობის გაძლიერებაზე და იდგმება თანმიმდევრული ნაბიჯები ექსპორტის სტიმულირებისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით. მომხსენებლის ინფორმაციით, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია კაპიტალის ბაზრის განვითარება. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო, სხვა საჯარო უწყებებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, პერმანენტულად მუშაობს ნორმატიული ბაზის სრულყოფაზე, რაც უზრუნველყოფს ინვესტორთა დაცვას და კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, განვითარებული კაპიტალის ბაზარი ქვეყნის ეკონომიკისთვის აუცილებელი კომპონენტია. მინისტრის განცხადებით, კაპიტალის ბაზრის რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები უკვე განხორციელდა და მიმდინარეობს წელსაც.
„SEPA-ში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს საფინანსო სექტორის სანდოობა, გაიოლდება ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობები და რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეები გამარტივებული და იაფი მომსახურებით ისარგებლებენ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით, შესაბამისი თანმიმდევრული პოლიტიკისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისკენ მიმართული ღონისძიებების შედეგად, ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ბიზნეს სექტორის განწყობა და მოლოდინები.
„ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ბიზნესს უქმნის სტაბილურობის და პროგნოზირებადობის განცდას და ორიენტირებულია ეკონომიკაში არსებული გამოწვევების გადაჭრისა და ეკონომიკური აქტივობის მხარდასაჭერად შესაბამისი ფუნდამენტის შექმნაზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.