ეკონომიკის თემა შეაყარე კედელს ცერცვივით არის ჩვენს მთავრობასთან, – ამის შესახებ მიხეილ მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მაჭავარიანმა მიმართა უმრავლესობის წევრებს და განაცხადა, რომ მათი დამსახურებით ”საუკეთესო მეოთხე წელიწადს” საქართველოში არის ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა.
”1,7 პროცენტი – მინდა დაიმახსოვროთ ეს ციფრი კარგად. სწორედ ეს არის მიზეზი იმ გაჭირვების, იმ უნიათობის და უცოდინრობის, რასაც თქვენი მთავრობა აკეთებს. თქვენ ხართ კმაყოფილი იმით, რომ აქ ლამაზად ლაპარაკობთ, მაგრამ ქუჩაში როგორც გახვალთ, ეს თქვენი კმაყოფილება გადავა უკმაყოფილებაში. თქვენ აბოლუტურად არაადეკვატური ხართ იმ მოთხოვნილებების, რაც ქართველ ხალხს აქვს. თქვენ უნიკალური რამ გააკეთეთ და შეძელით ის, რომ 2011 წელზე ნაკლებია საქართველოდან ექსპორტი. დღეს არის ყველაზე მაღალი საგარეო ვალი ბოლო პერიოდის განმავლობაში. 15 მილიარდ დოლარს უტოვებს თქვენი მთავრობა მომავალ თაობებს გადასახდელად. ეს არის იმ უნიათობის გადასახადი, რასაც შეუსრულებელი ბიუჯეტი ჰქვია, რასაც ვალების აღება ჰქვია”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
დეპუტატმა ისაუბრა ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და განაცხადა, რომ ეს არის სიმბოლო იმისა, რომ “მე ყველაფერი შემიძლია”.
“უნიათო მთავრობის სიმბოლო გახდა ხე ზღვაში და ზვიგენი მთაში,” – აღნიშნა მაჭავარიანმა.