საპარლამენტო უმცირესობა მმართველ გუნდს პარლამენტში მათ მიერ ინიცირებული საკითხების ხელოვნურად ”მოტეხვაში” ადანაშაულებს. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წევრებს შორის ხანგრძლივი კამათის თემა იყო უმცირესობის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპული სტრუქტურებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტი პარლამენტის დღის წესრიგში ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში შევიდა, თუმცა სესიაზე დღემდე არ განუხილავთ, რადგან დღის წესრიგში ყოველთვის ბოლო საკითხად არის განსაზღვრული და პარლამენტი მის განხილვას ვერ ასწრებს.
უმცირესობა ბიუროს სხდომაზე დაინტერესდა, თუ რატომ შეაქვთ აღნიშნული პროექტი დღის წესრიგში ყოველთვის ბოლო საკითხად.
”ქალბატონო მანანა, 8 წლის განმავლობაში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, როგორ ხდება საკითხების ჩაჩოჩება-მიჩოჩება”, – მიმართა სხდომის წამყვან მანანა კობახიძეს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა.
პასუხად კობახიძემ განმარტა, რომ ”როგორც ჩანს განსახილველ საკითხებს ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ”აჩოჩებდნენ”, თავად კი შეფასებას საკითხების ”მოტეხვისა” და ”ჩაჩოჩების” შესახებ ვერ გაიზიარებს.
აღნიშნულ თემაზე კამათისას კობახიძემ განაცხადა ისიც, რომ პარლამენტი ჯერ იხილავს კანონპროექტებს, დაჩქარებული წესით განსახილველ საკითხებს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს რეზოლუციის პროექტის და სხვა საკითხების განხილვას.