„გასული წელი მსოფლიოსთვის ურთულესი იყო. უმთავრესი, რაც ჩვენმა ქვეყნამ შეძლო, ეს არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. ამასთან სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და სამთავრობო გეგმის მიხედვით გაწეული სხვადასხვა რეფორმისა და პროექტის განხორციელება. არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. ჩვენი მოქალაქეები და ასევე ვიზიტორები გრძნობენ, რომ საქართველო არის უსაფრთხო, დაცული ქვეყანა. არსებობს გამოწვევები, რომელთა შესახებაც საუბარს ჩვენ არ ვარიდებთ თავს და პრევენციულ ღონისძიებებს ვატარებთ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.
მისი თქმით, პოლიციის საქმიანობის შეფასების მთავარი ინდიკატორი სტატისტიკური მონაცემებია. შესაბამისად მან ანგარიშის დასაწყისში სწორედ დანაშაულის სტატისტიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, 2022 წლის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და 62%-ს აღემატება, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 12%-ით მეტია. მინისტრის თქმით, 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა დაკლებულია. შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ყაჩაღობა, ქურდობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ანგარიშის მიხედვით, უპრეცედენტოდ გაზრდილია როგორც ნარკოდანაშაულის გამოვლენის რიცხვი, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტების გამოვლენა.
„2022 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საზოგადოების უსაფრთხოებისა და უწყების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. დასრულდა კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი. სრულად გაიმიჯნა ოპერატიული, საგამოძიებო და პრევენციული მიმართულებები. საგამოძიებო მექანიზმის გაძლიერების მიზნით სამინისტრომ შეიმუშავა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი და მისი თანმდევი ცვლილებები, რომელიც პარლამენტში განიხილება და ეს საკანონმდებლო ცვლილებები უზრუნველყოფს გამოძიების პროცესში გამომძიებლის როლის გააქტიურებას, საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილებების დაბალანსებულ გადანაწილებას. კანონპროექტში გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, ევროპელი პარტნიორების დახმარებით მიმდინარე რეფორმის ობიექტური შეფასების კვლევაში ჩაერთო ევროკავშირის ექსპერტი, რომლის შეფასებით, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის კონცეფცია საქართველოში დაინერგა ბევრად უფრო სწრაფად და ხარისხიანად ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ანალიზზე დაფუძნებული სამოქმედო ოთხწლიანი სტრატეგია, რომლის საფუძველზე ახლო მომავალში დამტკიცდება 2023-25 წლების სამოქმედო გეგმა. მინისტრის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტად რჩება ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის კონტროლის ღონისძიებების ჩატარება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველო სულ უფრო მეტად მიმზიდველი ხდება ტურისტებისთვის და ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება ტურისტული ნაკადი. ანგარიშის თანახმად 2022 წელს გაუმჯობესდა კანონმდებლობა სასაზღვრო პოლიციის მიმართულებით და პირველად მოხდა სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გამაფრთხილებელი ნიშნების მონტაჟი.
„საანგარიშო წელს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით. პარლამენტმა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტები, რომელთა მიხედვითაც გამკაცრდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის განსაზღვრული საკანონმდებლო რეგულაციები“, – აღნიშნა მინისტრმა.
მან თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა გასულ წელს ქართველი სამართალდამცველების მხრიდან ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – “112”-ში საერთაშორისო ISO სტანდარტის დანერგვაზე, რაც უზრუნველყოფს ცენტრის მუშაობის ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას, გამჭვირვალობასა და მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის შექმნას. მინისტრის თქმით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვისა და განმეორებითი ძალადობის პრევენციის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის აქტიური ჩართულობით, გადამუშავდა რისკების შეფასების ინსტრუმენტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ დაორგანიზდა და ჩატარდა არაერთი სწავლება. 2000-ზე მეტი პატრულ-ინსპექტორი გადამზადდა შშმ პირების პროცესში ჩართულობისა და მათთან ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხებთან დაკავშირებით. მინისტრის განცხადებით, ინსტიტუციური განვითარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით განაგრძობს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან. საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით განხორციელდა არაერთი მაღალი დონის სამუშაო ვიზიტი და შეხვედრა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გამართული საქმიანობისთვის, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, უმნიშვნელოვანესია უწყებაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და პოლიციელებისთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა. 2022 წლის პირველი იანვრიდან პოლიციელების, პატრულ-ინსპექტორების, მესაზღვრეების, მეხანძრე-მაშველების და შინაგანსაქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლის ხელფასები 10%-ით გაიზარდა. 2023 წლიდან, შტატიანი თანამშრომლების ხელფასი გაიზარდა 20%-ით, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების – 10%-ით, როგორც ყველა სხვა საჯარო უწყების თანამშრომლების. 2022-2023 წლებში, სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები მთლიანობაში 30%-ით გაიზარდა. მუშაობა დაიწყო “პოლიციის ქალაქის” მშენებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ეს “ქალაქი” აშენდება თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე და პირველ ეტაპზე, 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას“, – განცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მინისტრმა თავის მოხსენებაში ყურადღება დაუთმო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კიდევ ერთ გამოწვევას, ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლას, რომელშიც მეხანძრე-მაშველები მთელი წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ და ძებნა-შველისა და გადარჩენის ღონისძიებებს აწარმოებდნენ.
„2022 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით, წყლის სატრანსპორტო საშუალებებით. 2022 წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხდა ავტოპარკის მნიშვნელოვანი განახლება. პოლიციელების ღირსების დაცვა და მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს“, – აღნიშნა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.