ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ 2014 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გათავისუფლებული სოფლის რწმუნებულები სასამართლომ თანამდებობებზე აღადგინა. მისი განცხადებით, სოფლის გამგებლების გათავისუფლება უკანონოდ მოხდა, თუმცა მათი დახმარებით სამი წლის შემდეგ სამართლიანობის აღდგენა მოხერხდა.
“2014 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უკანონო ბრძანებით გაათავისუფლა ამავე გამგეობის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები. ამ ადამიანთა ადგილებზე დაინიშნა “ქართული ოცნების” აქტივისტები ყოველგვარი შესაბამისი გამოცდილების გარეშე. ამ 18 ადამიანმა სამი წლის განმავლობაში იბრძოლა ამ უკანონობის წინააღმდეგ და რამდენიმე დღის წინ ისინი აღდგენილ იქნენ სამსახურში სასამართლოს გადაწყვეტილებით. ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით დავხმარებოდით ამ ადამიანებს. მიუხედავად ყველა მცდელობისა, მაინც მოხერხდა სამართლიანობის აღდგენა ყველა იმ ადამიანის, რომელიც უკანონოდ არის გათავისუფლებული ,,ქართული ოცნების“ მიერ. ჩვენ გავუწევთ მათ შესაბამის მხარდაჭერას და ყველგან აღდგება სამართლიანობა. ის პრაქტიკა რაც ამ ადამიანების წინააღმდეგ განხორციელდა, არავითარ შემთხვევაში არ განმეორდება“, – განაცხადა წიკლაურმა.