უდავოდ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა

05/03/2019

მამუკა ბახტაძის, ფედერიკა მოგერინის და იოჰანეს ჰანის ერთობლივი პრესკონფერენცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომის შემდეგ გაიმართა:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე:
“მინდა, მადლობა გადავუხადო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარ ჰანს გულთბილი მიღებისთვის და ასოცირების საბჭოს დღევანდელი ძალიან ნაყოფიერი შეხვედრისთვის. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მაღალი დონის დელეგაცია საქართველოდან სტუმრობს ბრიუსელს. მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის პირველი და ძალიან წარმატებული ვიზიტი შედგა ბრიუსელში. ეს აღმავალი დინამიკა ცხადყოფს, რომ ჩვენი ურთიერთობები დინამიურად და ინტენსიურად ვითარდება. უდავოდ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და შევძელით, გვესაუბრა იმ დიდ წინსვლაზე, რაც ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრს შეეხება. განვიხილეთ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განხორციელება. საქართველო განაგრძობს საკანონმდებლო და ინსტიტუციური სისტემების გარდაქმნას, რათა ისინი ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს შეუსაბამოს. პირველი მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის გასული წლის ნოემბერში შედგა. მან ახალი დინამიკა შესძინა ჩვენს თანამშრომლობას და ასოცირების პროცესიც დააჩქარა. მან შესანიშნავი ფორმატი შექმნა ახალი იდეებისა და ინიციატივების განსახილველად. შევთანხმდით, რომ ყურადღებით დავაკვირდებით ჩვენი დიალოგის ყველა სხვა ფორმატში მიღებულ შედეგს. დღეს განხილულ ყველა დადებით თემასთან ერთად, შევეხეთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციის საკითხს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ყველა შემთხვევაზე – მათ შორის ჩვენი მოქალაქეების ბრუტალურ მკვლელობებზე – ჩვენს ერთობლივ პასუხს.
განვიხილეთ ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მისი განხორციელების მნიშვნელობა. მტკიცედ გვწამს, რომ ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და მსგავსი ინიციატივების საშუალებით ხელს შევუწყობთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. განვიხილეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მექანიზმი. ვაფასებთ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შენარჩუნების, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მედიაციის ძალისხმევის გზით, ევროკავშირს ნაკისრი აქვს ვალდებულება და ქვეყანას მხარს უჭერს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გზით, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. განვიხილეთ ასევე საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის დახვეწის პროცესში მიღწეული წინსვლა, უვიზო მიმოსვლის უხარვეზო ფუნქციონირების უზრუნველმყოფი ნაბიჯები და ზომები. ეს მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა ძლიერი მასტიმულირებელი ფაქტორი აღმოჩნდა საქართველოს ევროპული გზის კონტექსტში და ვაპირებთ, ის ჯეროვნად გამოვიყენოთ. ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები სტაბილურად იზრდება და ვითარდება. ჩვენი მეწარმეები დიდ სარგებელს იღებენ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით მონიჭებული შესაძლებლობებით. დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული ნაბიჯები განვიხილეთ ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის წარმოჩინებისთვის და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. შეხვედრაზე წარმოვადგინეთ ევროკავშირში ინტეგრაციის ჩვენეული საგზაო რუკა, რომელიც ჩვენი რეფორმების კონსოლიდაციას ახდენს თანამშრომლობის ყველა იმ ინსტრუმენტთან ერთად, რაც დააჩქარებს და დააწინაურებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ძალიან პროდუქტიულად გავცვალეთ იდეები დარგობრივი თანამშრომლობის შესახებ. დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას და ჩართულობას საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის მოდერნიზაციის მიმართულებით, განსაკუთრებით პროფესიული განათლების ნაწილში. ხარისხიანი განათლება აუცილებელია ადამიანური კაპიტალის ჩამოსაყალიბებლად. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში და ადამიანური კაპიტალის შექმნაში ინვესტიციებით მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განვიხილეთ ასევე საერთაშორისო კავშირების საკითხი და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, რკინიგზის მოდერნიზების პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, საქართველოს აეროპორტებში სატვირთო ტერმინალის მშენებლობის და სხვა მსგავსი პროექტების შემუშავებისა და მშენებლობის მასშტაბების გაზრდის გზები. მივესალმებით ევროკავშირის ძალისხმევას საქართველოს ინფრასტრუქტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციის მოზიდვის მიმართ, რასაც „ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო გეგმის” სახე მიეცა და რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოტენციალს რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბების პროცესში. ყურადღება გავამახვილეთ ასევე შავი ზღვის აუზში გაზრდილი საერთაშორისო კავშირების საჭიროებასა და აქტუალურობაზე. ეს ხელს შეუწყობს და გაზრდის ევროკავშირის ვაჭრობას ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, რაც უკეთეს წვდომას მისცემს ასევე რეგიონში მოქმედ ევროპულ კომპანიებსაც. ასევე მივესალმებით უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობის დინამიკას. სანდო მოკავშირის რანგში ნაკისრი გვაქვს ვალდებულება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგის უბადლო ისტორიის შექმნაზე. მადლობელი ვართ საქართველოში ევროკავშირის ყოფნისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სფეროში თქვენი წვლილისა და მონაწილეობისთვის. ჩვენის მხრივ ვიღებთ ვალდებულებას, ევროპასა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. გასულ წელს გავახანგრძლივეთ ჩვენი მონაწილეობის ვადა ცენტრალური აფრიკისა და მალის რეპუბლიკებში ევროკავშირის მისიების ფარგლებში. საკუთარ თავს დავპირდით, რომ ევროპასთან დაახლოების კონტექსტში წარმოვჩნდეთ რეგიონის მისაბაძ ქვეყნად და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პირობის შესასრულებლად – შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად. საქართველოს სახით ევროპას წარმატების მკაფიო მაგალითი აქვს, რადგან ბევრს ვმუშაობთ დემოკრატიის სფეროში დაწინაურების, ინსტიტუციური განვითარების, სამოქალაქო გაძლიერებისა და რეფორმების განხორციელების მიმართულებით. გპირდებით, ამ გზას ბოლომდე მივყვებით და იმედი გვაქვს, რომ ევროპულ ოჯახში სრულად შევდგებით და საკუთარ წვლილსაც შევიტანთ მასში. საქართველოსა და ჩვენს ხალხს სრული სიცხადით აქვს ნაკისრი ვალდებულება ევროკავშირისკენ სწრაფვის, ფასეულობებით გაჯერებული ცივილიზაციური არჩევანის – ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა საქართველოს ნამდვილ მეგობრებს – საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარ ჰანს საქართველოს მისწრაფებისადმი მათი პირადი ერთგულებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ახლო მომავალში წარმატებით მივაღწევთ საერთო მიზნებს”.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი:
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბრიუსელში თქვენი სტუმრობა ყოველთვის დიდი პატივია. თქვენ ჩვენი ძვირფასი მეგობარი ბრძანდებით. დღეს გვქონდა საშუალება, გვესაუბრა ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც საქართველო საპატიო სტუმრად იყო წარმოდგენილი. ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ასოცირების საბჭოს მეხუთე სხდომის ფარგლებში, ძალიან ინტენსიური და მდიდარი დისკუსი გაიმართა. მიმაჩნია, რომ ორმხრივად სასარგებლო შეხვედრა იყო. ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება და ჩვენი ეკონომიკური ინტეგრაცია მიმდინარეობს ამ შეთანხმების ფარგლებში. ევროკავშირი სრულ პასუხისმგებლობას გრძნობს ჩვენი პარტნიორების დაწინაურების და გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის, ექსპორტის, ეკონომიკური ზრდის პოტენციალის და თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში. ჩვენ ორი წლის წინ საქართველოს მოქალაქეებს მივანიჭეთ შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების საშუალება და ბევრმა ადამიანმა უკვე ისარგებლა ვიზის გარეშე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობით. ჩვენ დღეს ასევე ვისაუბრეთ იმ გზებზე, რომლითაც შესაძლებელია უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გადაჭრა. ძირითადი მიღწევა ის არის, რომ ჩვენ ეს შესაძლებლობა მივეცით საქართველოს მოქალაქეებს. მე მქონდა პატივი, იანვარში ბრიუსელში მემასპინძლა საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტისთვის, რომსელიც პირველად, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელს ეწვია. ეს არის ძალიან ნათელი სიგნალი მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. თქვენი დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებულია იმდენად, რამდენადაც მახარებს თქვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თავისუფალი და ღია არჩევნებთან დაკავშრებით აიღეთ. თქვენ ახორციელებთ სასამართლო სისტემის რეფორმას. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ თქვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დღევანდელ შეხვედრაზე ამით დავიწყეთ საუბარი. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ნაკისრი გვაქვს ვალდებულება, რომ თქვენს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები მშვიდობიანი და სტაბილური გზით გადაიჭრას. ჩვენ ამასთან დაკავშრებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ჩვენს თანათავმჯდომარესა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს გავუგრძელეთ მანდატი. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. მე ვაფასებ თქვენს ლიდერულ უნარებს ამ მიმართულებით. ჩვენ უკვე დავიწყეთ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ათი წლის იუბილის აღნიშვნა და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ კუთხით თქვენი ძალისხმევისთვის. ბათუმში გაიმართება კონფერენცია, რომელიც ამ თარიღს მიეძღვნება. ცცვენ ძალიან ბევრი მიღწევა გვაქვს და შეგვიძლია, ამით ვიამაყოთ. შეგვიძლია მომავალში კიდევ უფრო მეტი ვაკეთოთ, რათა მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ და გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა ევროკავშირისა და საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ”.

ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი:
“დიდი მადლობა ბატონო პრემიერო. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გვქონდა, მაგრამ დღეს აქცენტი გავაკეთეთ ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს,, დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ამ მიმართულებითაც, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლების დანიშვნის პროცესში. იმედია, ეს იქნება ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესი და საქართველოს სასამართლო სისტემა წარმატებით მოექცევა რეფორმის ფარგლებშსი. ასევე წარმატებით განვახაორციელებთ ასოცირების შეთანხმებას და დარჩენილ გამოწვევებსაც გავუმკლავდებით. მაღალი დონის შეხვედრაზე მთავრობასა და ევროკომისრებს შორის აქცენტს გავაკეთებთ ეკონომიკურ ზრდაზე, განათლებაზე, შიდა უსაფრთხოებაზე და კიდევ უფრო წინ წავწევთ ჩვენს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. ის სტანდარტები, რომლებიც გამოიყენება ჩვენი დაახლოებისთვის, წარმოაჩენს იმას, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით გვაქვს საშუალება, ეს გეგმები სისრულეში მოვიყვანოთ. ერთად ვმუშაობთ გეგმაზე, რომლის მიხედვით მეტი ქართული პროდუქცია მოხვდება ევროკავშირის ბაზარზე და ასეთი იქნება მაგალითად ქართული თაფლი, შავი ზღვის თევზი და ეს იქნება კიდევ ერთი რეალური შედეგი ჩვენი შესანიშნავი თანამშრომლობისა. ჩვენ გვქონდა საშუალება, შევხვედროდით 30-მდე სტუდენტს, რომელსაც მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება აქვს ევროკავშირში და აღიარებს საერთაშორისო ღირებულებებს. ისინი ექცევიან ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ფარგლებში და განაცხადს აკეთებენ მომდევნო წლისთვის. ეს ინტერესი ძალიან მნიშვნელოვანია და ის მზარდია, რაც არ მაოცებს. ქართველი ახალგაზრდები წარმატებით სწავლობენ ჩვენთან და ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხრიდან დიდი ინტერესი არსებობს, მათთან არსებობდეს მსგავსი ევროპული სკოლები. ვულოცავ საქართველოს და ვგრძნობ, რამდენად დიდია პასუხისმგებლობა, კიდევ უფრო მოწადინებული და დაინტერესებული კოლექტივი შეიკრას. მოუთმენლად ველი საქართველოში ვიზიტს სექტემბერში, რათა ერთად მოვახდინოთ ჩვენი პროექტების მომდევნო ფაზებისა და ევროპული სკოლის ინაუგურაცია. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი წარმატებული პროექტი გვექნება, რათა ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები წარმატებით განხორციელდეს”.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი – პირველ რიგში უნდა გკითხოთ, რუსეთის ფაქტორთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყოველთვის, როცა საქართველო იწევს წინ ინტეგრაციის გზაზე საკმაოდ მკაცრი პასუხები აქვს ხოლმე როგორც წესი რუსეთის ფედერაციას, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ე. წ. ბორდერიზაციის, პროცესზე, ადამიანების გატაცების ფაქტებზე და ა. შ. ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის გრიგორი კარასინის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევანი, ჰქონდეს კარგი ურთიერთობები რეგიონში თავის მეზობლებთან, ამ შემთხვევაში იგულისხმებოდა რუსეთი, თუ გააგრძელოს სვლა ევროპისკენ. ამ შემთხვევაში რა შეიძლება გაკეთდეს ერთობლივი თანამშრომლობით, რადგან თუ ბოლომდე არ იქნება ეს საფრთხეები აცილებული, რისკები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, რათ ა მშვიდობა და სტაბილურობა იყოს ქვეყანაშიც და ზოგადად რეგიონშიც.

ფედერიკა მოგერინი: საკმაოდ მკაფიოდ ვახსენე, რა პასუხისმგებლობაც გააჩნია ევროკავშირს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცულობის კუთხით. როგორც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რამდენიმე მისია არსებობს, მათ შორის ევროკავშირის მონიტორინგის მისია და დიპლომატიური დონის ჩართულობაც, რა თქმა უნდა, ჟენევის საერთაშორისო დიალოგის ფარგლებში. ამ საკითხს რუსეთის ხელისუფლებასთან ყოველთვის წამოვჭრით სხვადასხვა დონეზე. მინდა ვთქვა ძალიან მკაფიოდ როგორც დღეს, მე-5 შეხვედრაზე აღვნიშნე. ცცვენ ვისაუბრეთ სამშვიდობო ინიციატივის დეტალებზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესების კუთხით. ხალხთაშორისი ურთიერთობები არის გადამწყვეტი, შერიგების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, მე რამდენჯერმე უკვე ვახსენე და ეს უკავშირდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა კონფლიქტს აღმოსავლეთ რეგიონებში. ევროკავშირი არასოდეს მიიჩნევს, რომ რომელიმე ქვეყანა უნდა ირჩევდეს ერთ ან მეორე მხარეს. მეგობრობა, პარტნიორობა, ევროკავშირთან სიახლოვე არ გულისხმობს ნაკლებ მეგობრობას სხვასთან, რომელიმე სხვა ქვეყანასთან, პარტნიორობა და მეგობრობა ევროკავშირთან არის თავსებადი ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან. აქედან გამომდინარე, მთავარია, მიმზიდველობა არსებობდეს ორ ქვეყანას შორის, თორემ ჩვენ ხელისშემშლელი ფაქტორი არ ვართ.

ტელეკომპანია “იმედი” – პირველი კითხვა თქვენთან, ქალბატონო ევროკავშირის უმაღლესო წარმომადგენელო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საგზაო რუკაზე და იმ კონკრეტულ გეგმებზე, რომლის განხორციელებასაც საქართველოს ხელისუფლება აპირებს. საქართველოს მთავრობა აცხადებს რომ მათ სურთ უფრო მეტი, ასოცირების შეთანხმების მიღმა. ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ თქვენი შეფასება საგზაო რუკასთან დაკავშირებით, როგორ ხედავთ საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ამ ორგანიზაციასთან. ოფიციალური თბილისი, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ამბობს, რომ მათ სურთ, გახდნენ ამ ორგანიზაციის წევრი რაც შეიძლება მალე. ბატონო პრემიერო, თქვენ რას ელოდებით, რა არის ის მაქსიმუმი, რისი მიღებაც უახლოეს წლებში შეიძლება, იმ გამოწვევების გათვალისწინებით რომლის წინაშეც თავად ორგანიზაცია დგას. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია უვიზო რეჟიმის მნიშვნელობაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ბატონო ევროკომისარო, ეს კითხვა თქვენთან მაქვს. ვიცით, რომ არის წუხილი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნიდან და საქართველოს ხელისუფლება აპირებს რეგულაციების გამკაცრებას. საქართველოს მოქალაქეებს სურთ, თქვენგან გაიგონ, რომ ამ ეტაპზე უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება. რა არის ის რეკომენდაციები, რომელიც შეგვანარჩუნებინებს ამ მონაპოვარს, რასაც ჰქვია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თავისუფალი მიმოსვლა. დიდი მადლობა.

ფედერიკა მოგერინი: ჩვენ ძალიან გაგვიხარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციისგან საგზაო რუკის პრეზენტაცია და ის ძალიან მოგვეწონა. დოკუმენტი ძალიან თანმიმდევრულია, ძალიან მნიშვნელოვანია, აქცენტები კეთდება ჩვენი ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე და მიმდინარეობს ამ კუთხით მუშაობა, შედეგი უნდა დაიდოს 2020 წლის სამიტისთვის და ასე გაგრძელდება ჩვენი საერთო ძალისხმევის ფარგლებში ჩვენი მანდატის ამოწურვამდე. ასევე, საქართველოს მთავრობის ბრიუსელში ვიზიტისას განვიხილეთ ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადავდგათ ერთდროულად. აქედან გამომდინარე, ძალიან ამბიციური, მნიშვნელოვანი დღის წესრიგი გვაქვს. მე აქცენტს ვაკეთებ იმ მნიშვნელოვან დღის წესრიგზე, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს. მიმაჩნია, რომ ასე გაგრძელდება, პოზიტიური შედეგები ექნება და საქართველოს მოსახლეობა ამას იგრძნობს.

იოჰანეს ჰანი: მოკლედ დავამატებდი თუ შეიძლება ჩვენი ხედვა ასეთია, გვინდა რომ კეთილდღეობის მთელი სარტყელი არსებობდეს ევროპაში და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი მეზობელი ჩავრთოთ ამ პროცესში. გააჩნია ინტერესებს, შესაძლებლობებს, რა თქმა უნდა. საქართველომ განაცხადა, რომ მას აინტერესებს ევროკავშირში ასეთი მონაწილეობა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე იძლევა იმის საშუალებას რომ ეკონომიკური განვითარება, უკეთესი საცხოვრებელი პირობები მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში იყოს თვალსაჩინო და ხელშესახები. აი ეს წყვეტა შეიძლება ძალიან მალე ამოივსოს და ეს იქნება მომდევნო ნაბიჯები. ასე ვხედავთ მომავალს. მოდით, აქცენტი გავაკეთოთ ხელშესახებ კონკრეტულ შედეგებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებშია. ვიზალიბერალიზაცია იყო ერთ-ერთი კონკრეტული მიღწევა და ვერ ვხედავ რაიმე რისკს, თუ საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ამ კუთხით ზოგიერთ ხარვეზს გამოასწორებს. ძალიან მნიშნელოვანია მედიის როლიც ამ მიმართულებით, რადგან მედიამ უნდა მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება, რომ ევროკავშირში თავშესაფრის ძიება შედეგს არ მოიტანს, რადგან საქართველო მიიჩნევა უსაფრთხო ქვეყნად და ჩვენ საქართველოს ზუსტად ამ პრიზმაში ვუყურებთ. ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში 600 000 ადამიანი შემოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე და მხოლოდ რამდენიმე ათასი აკეთებს განაცხადს თავშესაფარზე. ეს მასშტაბი უკვე თავისთავად გვაწვდის ინფორმაციას, მაგრამ გვსურს, მოგიწოდოთ, რომ მედიის წარმომადგენლებმა გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები და საზოგადოებას აცნობოთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ მოიპოვებენ თავშესაფარს ევროპაში, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა.

მამუკა ბახტაძე: ვიდრე საგზაო რუკაზე ვისაუბრებ, გამოვეხმაურები საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვას და აღვნიშნავ, რომ ქართველი ერის არჩევანი დამოკიდებულია მხოლოდ ქართველ ერზე და არავისზე სხვაზე – ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. რაც შეეხება საგზაო რუკას, ჩვენ დღეს გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენი მეგობრებისთვის წარგვედგინა დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ და გულისხმობს ინტეგრაციის გაგრძელებას ევროპულ სტრუქტურებში. საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ათი წლის წინ, როდესაც დაიწყო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის განხორციელება, ეს მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იყო. საქართველომ ამას თავი წარმატებით გაართვა, მაგრამ ვფიქრობთ, არის შესაძლებლობა, გაგრძელდეს ინტეგრაცია და გახდეს ფოკუსირებული კონკრეტულ სექტორებზე. ვინაიდან დღეს დავიწყეთ კონსულტაციები, დეტალებზე საუბარი, შეიძლება ნაადრევი იყოს, მაგრამ, შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული საგზაო რუკა დაგვეხმარება, საქართველოში მოვახდინოთ დემოკრატიის კონსოლიდაცია, ავიყვანოთ ჩვენი წარმატება ახალ დონეზე, გავუმკლავდეთ იმ ეკონომიკურ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშეა, წარმატებით მივიყვანოთ ბოლომდე ძირეული, მათ შორის სტრუქტურული რეფორმები, რომელიც ყველა მიმართულებას ეხება. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო განათლების სექტორი. ვფიქრობ, აღნიშნული დოკუმენტი დაგვეხმარება იმაში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს კონკრეტული ორიენტირი, როგორ ვითარდება და პროგრესირებს საქართველო ევროპული მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0