უბისა-შორაპანის მონაკვეთზე დამეწყრილი ფერდის ჩამოწმენდა მიმდინარეობს

14/03/2023

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის შემადგენელი, რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის პროცესში, მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყრულ ფერდზე, პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება. სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია.

„სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს უბისა-შორაპანის მე-10 კმ-ზე. ამ მეწყრული უბნის შესახებ ჩვენთვის ცნობილი იყო და შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტა არსებობს. უხვი ნალექის შედეგად სამწუხაროდ ფერდი ჩამოიშალა, რომელსაც უნდა ჩაუტარდეს შესაბამისად დატერასება, გამაგრებითი დაანკერება და გამაგრებითი სამუშაოები. ფერდის ჩამოშლამ დააზიანა ბეტონი, ეს ბეტონი გასუფთავდება ფერდი ჩამოიწმინდება და სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში პროექტის შესაბამისად გაგრძელდება და ეს ხელს არ შეუშლის სამშენებლო პროცესს“- განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა.

უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. რაც შეეხება მშენებელ კომპანიასთან ანგარიშსწორებას, ანაზღაურება მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0