ტყვიავის საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

25/07/2016

იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას განაგრძობს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 25 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და პროცესის მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერა.

საოკუპაციო ზოლის მახლობლად საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით დაიწყო. მეჯვრისხევში, ორსანტიასა და რუხში უკვე მოქმედებს საზოგადოებრივი ცენტრები. თეა წულუკიანის განცხადებით, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სახელმწიფო სერვისები შეუფერხებლად მიეწოდებოდეთ კონფლიქტით დაზარალებულ მოქალაქეებს. რიგით მეოთხე საზოგადოებრივი ცენტრი საოკუპაციო ხაზთან უახლოეს მომავალში გაიხსნება.
საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ქართული სოფლის გაძლიერებაა.

საზოგადოებრივი ცენტრები შენდება, ძირითადად, რაიონული ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში; მრავალრიცხოვან, მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და საზღვრისპირა რეგიონებში. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 35 სოფლის მოსახლეობას. 2016 წელს გაიხსნა რვა საზოგადოებრივი ცენტრი, ათამდე ცენტრის მშენებლობა კი ამჟამად მიმდინარეობს.

სოფელ ტყვიავში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „ორნამენტი“ აწარმოებს. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობისა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისთვის 470 407 ლარია გამოყოფილი.
საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0