ტურიზმის განვითარების პერსპექტივები გურიაში განიხილეს

06/09/2016

გურიის გუბერნატორის მოადგილე გია ებრალიძე გრიგოლეთში, სასტუმრო ,,ანდამატში“, კონფერენციას: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები გურიაში“ დაესწრო. მან მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და გურიაში ტურიზმის პოტენციალის განვითარებაზე იმსჯელა. კონფერენცია ,,საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის“ (IBDIPC) მიერ პროექტის ,,საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის ხელშეწყობა ტურიზმის განვითარებისათვის გურიაში“ ფარგლებში გაიმართა.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მცირე გრანტების პროგრამის ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ (RLD) ეგიდით. იგი დაფინანსებულია სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.
,,საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“ აქტიურად თანამშრომლობს პროექტის განხორციელებაში გურიის სამხარეო ადმინისტრაციასთან.
კონფერენციის მთავარი მიზანი გახლავთ გურიის ტურისტული პოტენციალისა და ცნობიერების ამაღლება, ასევე, შემდგომი განვითარებისათვის პოტენციურად დაინტერესებული მხარეების მოზიდვა.
შეხვედრას გურიის მუნიციპალიტეტების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ტურიზმის ექსპერტები, ტურისტული კომპანიების, საქართველოს ტურისტული ასოციაციის, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები, რეგიონში ტურიზმში ინვესტირებით დაინტერესებული უცხოური კომპანია და პროექტის დონორი ორგანიზაცია UNDP დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0