ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

29/07/2016

თეა წულუკიანი ტრეფიკინთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს. მინისტრმა დამსწრეებს ამ მიმართულებით იუსტიციის სამინისტროსა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ყველა სახელმწიფო უწყების მიერ შესრულებული სამუშაოები გააცნო.
მინისტრის თქმით, ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამას მოწმობს ისიც, რომ წელს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მიერ ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით გატარებული ღონისძიებები პოზიტიურად შეაფასა.
„აშშ-ის სარეიტინგო სკალაში წელს საქართველომ ევროკავშირისა და დასავლურ სახელმწიფოებს შორის მოწინავე პოზიცია დაიკავა და პირველ კალათაში გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მთავრობა სისტემატურად ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. ჩვენ ამ შედეგისათვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვმუშაობდით.
გარდა ამისა, ევროპის საბჭოს ტრეფიკინგთან ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) მიერ 2016 წლის ივნისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 2012 წლიდან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ტრეფიკინგთან ბრძოლის პოლიტიკის დახვეწის მიმართულებით; ხოლო საერთაშორისო კვლევის − „მონობის გლობალური ინდექსის“ − 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ტრეფიკინგთან ბრძოლაში საქართველოს მიერ გატარებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, საქართველო რეგიონში პირველ ადგილს იკავებს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრმა ტრეფიკინგთან ბრძოლის პოლიტიკის ფარგლებში საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების დახვეწაზეც გაამახვილა ყურადღება. თეა წულუკიანის თქმით, რამდენიმე კვირის წინ მიღებულ იქნა კანონი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დასაცავად, რაც უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში მომზადდა. ახალი კანონმდებლობა, რომელმაც მიუსაფარი ბავშვის ცნება შემოიტანა, შესაძლებლობას იძლევა, ასეთი ბავშვებისთვის დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი გაიცეს, რაც მათ ჯანდაცვისა და განათლების სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის საშუალებას გაუჩენს. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებით იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უსასყიდლოდ გასცემს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს მიუსაფარ ბავშვებზე. ასევე, ახალი კანონმდებლობით, არასრულწლოვანზე ძალადობის შემთხვევაში, სოციალური მუშაკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მსხვერპლი ბავშვის ოჯახიდან განცალკევება მოხდება.
„ოჯახში ბავშვზე ძალადობას შეიძლება ჰქონდეს სისტემატური ცემის, გაუპატიურების, მისი ქუჩაში სამუშაოდ ან პროსტიტუციის მიზნით მივლინების, ან სხვა ფორმა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ ბავშვები იყონ დაცულნი და ჩვენ მიერ ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
ნიშანდობლივია, რომ იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ები სხვადასხვა სპორტულ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებას ახორციელებენ, რომლებშიც ათეულობით მიუსაფარი ბავშვია ჩართული.
მინისტრმა მუშაობის პროცესში ჩართულ სამთავრობო უწყებებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა და ამ დღესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიულოცა სახ უწყებებს და ა.შ. ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 2014 წლიდან აღინიშნება. ტრეფიკინთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0