ქ. ვაშინგტონში საქართველოს, ყაზახეთის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და თურქეთის საელჩოების ინიციატივით, კასპიის პოლიტიკის ცენტრსა და ამერიკის საერთაშორისო პოლიტიკის საბჭოს ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტთან პარტნიორობით გაიმართა ორდღიანი ფორუმი ტრანს-კასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ ვაჭრობისა და სატრანზიტო გზის (Trans-Caspian East-West Trade and Transit Forum) შესახებ.
ფორუმზე, მიმოიხილეს ტრანს-კასპიურ აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორთან დაკავშირებული საკითხები. კორიდორი აერთიანებს ცენტრალური აზიის, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებს ერთიანი სავაჭრო და სატრანსპორტო გზის ირგვლივ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ , რომელმაც სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს. მან აშშ-ის აკადემიური, ანალიტიკური, პოლიტიკისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს საქართველოს ინფრასტრუქტურის, ბიზნესის, ინვესტიციის, ვაჭრობისა და სატრანზიტო შესაძლებლობები გააცნო.
მისასალმებელ სიტყვაში დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ეკონომიკური კავშირებისა და პარტნიორობის საჭიროებას: „ყველა ის ექვსი ქვეყანა რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი, ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე დგას – როგორც საქართველოს ელჩი, მე თავს ევროპული ოჯახის წევრად ვგრძნობ და ამავე დროს კარგად გვესმის ორი კონტინენტის დაკავშირების საჭიროება და პასუხისმგებლობა. ჩვენ აქ შევიკრიბეთ რათა ვაჭრობის გაღრმავებასა და ინვესტიციის მოზიდვაში ძალები გავაერთიანოთ. უკეთესი კავშირი ჩამოვაყალიბოთ, გავცვალოთ ინფორმაცია სატრანსპორტო შესაძლებლობებზე, მომავალი თანამშრომლობის გეგმები დავსახოთ და გავამყაროთ ურთიერთობა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან,“- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
ფორუმის ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ბიზნეს გარემოსა და სავაჭრო შესაძლებლობებზე, ანაკლიის საზღვაო პორტის პროექტის პერსპექტივებზე,
საქართველოში მიმდინარე სატრანსპორტო კორიდორის მშენებლობაზე, შესაბამის ლოგისტიკის ცენტრებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს საელჩოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა.
ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართა დამატებითი სესიები აშშ-ის კონგრესში და მსოფლიო ბანკში.