ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო – ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და „საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციას“ შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. შეთანხმების თანახმად, მათ ვალდებულება აიღეს, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიული წარმოების დანერგვას. ეს თავის მხრივ, გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქარის ელექტროსადგურების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებას და ელექტროენერგიის წარმოებას. მემორანდუმს სამინისტროს მხრიდან ხელი მოაწერა მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო – ტექნიკური ცენტრის „დელტას“ მხრიდან კომპანიის გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ და საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციის მხრიდან მისმა პრეზიდენტმა მამუკა მიქაშავიძემ. მემორანდუმი ითვალისწინებს მოლაპარაკებების დაწყებას როგორც ქარის ელექტროენერგიის მაგენერირებელი დანადგარების მწარმოებელ მოწინავე კომპანიებთან, ასევე ასეთი ტიპის დანადგარებისა და მისი კომპონენტების შესყიდვის მსურველ, დაინტერესებულ პირებთან. დოკუმენტის თანახმად, მხარეები ასევე მიმართავენ ძალისხმევას, პოტენციური ინვესტორების მოსაძიებლად, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან საქართველოს ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურების შემადგენელი კომპონენტების წარმოების დაფინანსებით და განვითარებით ან/და მათი შესყიდვით.
ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და „საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციას“ შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს
23/03/2022