პრაქტიკულად ყოველ დილით ვიღვიძებ შიშით, თუ რომელი ქვეყნის დედაქალაქში ან რომელი ქვეყნის ქალაქში შეიძლებოდა მომხდარიყო ტერაქტი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
თინა ხიდაშელი გამოეხმაურა ამერიკის ატლანტიკური საბჭოს ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთს შეუძლია პოლონეთი ერთ ღამეში დაიპყროს. ხიდაშელის თქმით, ეს და სხვა მსგავსი ანგარიშები მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება და ეს არის წითელი დროშის აწევა და დანახვა იმისა, რომ საფრთხე სახეზეა.
„მე მხოლოდ მივესალმები ყველა კვლევას, რომელიც გამოღვიძებას ემსახურება, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც არის ქვეყანა, რომელიც საითაც უნდა იმ მიმართულებით მოძრაობს და დამოუკიდებელი სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს. მეორე მხრივ, პრაქტიკულად, ყოველ დილით ვიღვიძებთ და ვფიქრობთ, რომელი ქვეყნის რომელ დედაქალაქში და რომელი ქვეყნის რომელ ქალაქში შეიძლებოდა მომხდარიყო ტერაქტი. ეს არის საკმარისი საფუძველი, რომ ნატო-ს მხრიდან ცვლილებები უფრო აქტიური იყოს, დაგეგმილი ღონისძიებებიდან გადავიდეს აქტიურ ღონისძიებებზე. ტერორიზმი უნდა დავამარცხოთ ყველამ ერთად. ჩვენდა სამწუხაროდ, რუსეთი ამ პრობლემების შემქმნელთა ჯაჭვშია. როგორც უკვე ვთქვი, აღნიშნული კვლევა ემსახურება ზარების შემოკვრას“, – აღნიშნა ხიდაშელმა.