ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებული რუსლან შავაძე დაკავებულია

10/08/2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 9 აგვისტოს, ბათუმში, ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებული, 1997 წელს დაბადებული, ძებნილი რუსლან შავაძე დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით, რუსლან შავაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისათვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთისათვის. რუსლან შავაძეს სასჯელის სახით დაუსწრებლად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლით, 344 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.
ჩატარებული გამოძიებით და მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ახმედ ჩატაევმა, იბრაგიმ ადაშევთან და რუსლან შავაძესთან ერთად, 2017 წლის 27 ოქტომბერს არალეგალურად გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთი, რაშიც დახმარებას ასევე უწევდნენ მათი დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები, რომელთა მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.
ახმედ ჩატაევი, იბრაგიმ ადაშევი და რუსლან შავაძე, მათივე დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, დაბინავდნენ ქ.თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, მათთვის თანამზრახველების მიერ წინასწარ შერჩეულ ბინაში, სადაც 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარებული იქნა სპეცოპერაცია, რა დროსაც ლიკვიდირებული იქნა ორი ტერორისტი – იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი, ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. დაკავებულ იქნა შოაიფ ბორზიევი.
აღნიშნული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი. დაიჭრნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
რუსლან შავაძემ სპეცოპერაციის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე საცხოვრებელი ბინა დატოვა და მიიმალა. გამოძიების მსვლელობის პროცესში იგი დაუსწრებლად იქნა მიცემული პასუხისგებაში, გამოცხადებული იქნა ძებნა და მიმდინარეობდა აქტიური სამძებრო ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით.
არსებული ინფორმაციით, რუსლან შავაძემ 2016 წლის სექტემბერში, მწვანე ზოლის გამოყენებით სოფელ მარადიდის მონაკვეთზე უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და გადავიდა თურქეთის ტერიტორიაზე. რუსლან შავაძე მალევე შეურთდა სირია-ერაყის ტერიტორიაზე მყოფ ახმედ ჩატაევის დაჯგუფებას და მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ახმედ ჩატაევმა დატოვა სირია-ერაყის ტერიტორია, რუსლან შავაძეც მასთან ერთად გადავიდა თურქეთის რესპუბლიკაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0