„ტელეარხ 25“-დან დათხოვნილი თანამშრომლები სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ

05/01/2016

„ტელეარხ 25“-ის საინფორმაციო სამსახურის მუშაობა კვლავ შეჩერებულია.

ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და წამყვანების გათავისუფლების მიზეზებზე ტელევიზიის აწ უკვე ყოფილი თანამშრომლები ჯერ მხოლოდ ვერსიების დონეზე საუბრობენ. განმარტებებს ითხოვენ “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიიდანაც”.

ერთ-ერთი ვერსიით, არხის მფლობელების მიერ გამოცხადებული რეორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.

სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლები საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას გეგმავენ და სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებენ.

როგორც საინფორმაციო სამსახურის ყოფილი პროდიუსერი ირმა ზოიძე აცხადებს, მედიასაშუალების ხელმძღვანელობა მედიის საქმიანობაში უხეშად ერევა და მათ არასასურველი ჟურნალისტები თავიდან მოიცილეს.

კრიზისი ტელეარხში გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. დაპირისპირება ეთერში გასულ ერთ-ერთ ინფორმაციას მოყვა, რომლის მიხედვითაც, ბათუმში საჯარო მოხელე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფორმაცია ამავე არხის რეჟისორის მამას ეხებოდა, რასაც საინფორმაციო სამსახურის უფროს მაია მერკვილაძესთან შელაპარაკება მოჰყვა.

არხის მფლობელებმა აღნიშნული მიზეზით მაია მერკვილაძე ორთვიან შვებულებაში გაუშვეს. საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი კი ეჭვობს, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ცდილობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0