ტარიელ ხეჩიკაშვილმა გორში სპორტული ობიექტები მოინახულა

20/06/2017

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებულ – გუბერნატორთან, კახა სამხარაძესთან და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად გორში იმყოფებოდა და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. სტადიონი 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ ემზადება.
ევროპირველობა საქართველოში 2-15 ივლისს ჩატარდება, გორის ცენტრალური სტადიონი ჯგუფური ეტაპის თამაშებს უმასპინძლებს. სტადიონზე უეფას მოთხოვნების შესაბამისად, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, სამუშაოების ჩასატარებლად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტიდან 1 354 000 ლარი გამოიყო.
სტადიონზე ამ ეტაპზე ბოლო დეტალების დაზუსტება და მოწესრიგება მიმდინარეობს და ორი კვირის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის გახსნის დღეს, ბურჯანაძის სახელობის სტადიონი ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ სრულ მზადყოფნაში იქნება. სტადიონის შემდეგ მინისტრი ქართლის მოედანს ესტუმრა, იქ განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო და მოედანზე უახლოეს მომავალში დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას მითითებები მისცა. ქართლის სტადიონის რეაბილიტაციისთვის 52 ათასი ლარი გამოიყო და სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
მინისტრმა რაგბის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე მრავალფუნქციური სპორტის სასახლის სამუშაოებიც დაათვალიერა და ლევან ტარყაშვილისგან მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო – ტარყაშვილი “სპორტმშენსერვისის” დირექტორია, თავის მხრივ “სპორტმშენსერვისი” სპორტის სასახლის დროულად და ხარისხიანად მშენებლობაზეა პასუხისმგებელი. დღის ბოლოს ხეჩიკაშვილი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდა ფეხბურთელთა შორის მეგობრობის ტურნირის ფინალს დაესწრო, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში გაიმართა. ერთმანეთს სოფელ მეღვრეკისისა და ერგნეთის გუნდები დაუპირისპირდნენ, გამარჯვება და ჩემპიონისთვის კუთვნილი თასი მეღვრეკისის გუნდს დარჩა, რომელმაც შეხვედრა 1:0 მოიგო. სტუმრებმა გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები დააჯიდოვეს, ადგილობრივ მოსახლეობასთან კი რეგიონში სპორტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ფეხბურთის ფედერაციამ 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანა – ევროპირველობას 2-15 ივლისს საქართველო მასპინძლობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0