„სხვადსხვა ტიპის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებით ჩვენ ვაძლევთ საშუალებას რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას განავითაროს ბიზნესი და მიიღოს დამატებითი შემოსავალი. აქ გერმანელი კოლონისტები ჩამოსახლდნენ 200 წლის წინ და მას შემდეგ, ეს უკვე ორი ერის ისტორიის ნაწილია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, აქაური არქიტექტურაც გერმანული და ქართული არქიტექტურის ერთგვარი ნაჯვარია. პირველ რიგში, სახელმწიფოს ინვესტიცია გათვლილია ტურიზმის განვითარებასა და შემოსავლების ზრდაზე. მხოლოდ შარშან, დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა გერმანიიდან ვიზიტორების რაოდენობა და ბუნებრივია, გერმანიის საელჩოსთან, ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, აქტიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ ევროპიდან ნაკადი კიდევ უფრო გაიზარდოს. ასურეთში დასრულდა ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, სრულად აღდგა ეკლესია, ისტორიული სასაფლაო და გარდა ამისა, მოეწყო საბაზისო ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, აქ ჯერ კიდე არსებობს წყალმომარაგების პრობლემა და უახლოეს მომავალში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებთან ერთად, ამ საკითხს აუცილებლად მოვაგვარებთ. კომპლექსური მიდგომითა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ვიზრუნებთ ამ მარშრუტის პოპულარიზაციაზე და ვიმედოვნებთ, რომ ასურეთი ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთი მნიშნელოვანი ცენტრი გახდება,“ – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ასურეთის რეაბილიტირებული უბნის დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა. შვაბების ქუჩაზე XIX საუკუნის, გერმანულ, მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების მქონე ეკლესიას (კირხეს), სამ საცხოვრებელ სახლსა და ძველ გერმანულ სასაფლაოს რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია ორ ეტაპად გაიყო. პირველი ეტაპი ითვალისწინებდა გზაზე ქვაფენილის დაგებას, წყალამრიდი ბეტონის კიუვეტების მოწყობას, ღობისა და ჭიშკრების აღდგენას პირვანდელი იერსახით, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და ქუჩის გარე განათების მოწყობას. პირველი გერმანელების, ვურთემბერგელი შვაბების ოჯახები პირველად საქართველოში 1817 წელს ჩამოვიდნენ. შვაბების ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და 2019 წლის ბოლოს დასრულდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლიდან დაიწყო, საქართველოს მთავრობამ გერმანული სოფლის რეაბილიტაციისთვის ჯამში 6 მილიონ ლარზე მეტი გამოყო