სწორედ ამ ტიპის – ეკოლოგიურად სუფთა ჰესების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია

25/09/2016

საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში “საგურამოჰესი” ჩაირთო – ახალი ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP) წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ. მწვანე ჰესი ხელს შეუწყობს თბილისის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველყოფას. პრემიერის თქმით, ეკოლოგიურად სუფთა ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად.

„სწორედ ამ ტიპის – ეკოლოგიურად სუფთა ჰესების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ჰესი განხორციელებულია ეგრეთ წოდებული „მწვანე ჰესის“ უმაღლესი ხარისხითა და თანამედროვე ტექნოლოგიით და მშენებლობისთვის კომპანიამ 11 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ჰესის საშუალებით შესაძლებელი ხდება ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“’ სათავე ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგება. ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისში გარანტირებული იქნება სტაბილური წყალმომარაგება. აღსანიშნავია ისიც, რომ აგრეგატი მთელი წლის განმავლობაში თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოყენება. ამ პროექტის განსახორციელებლად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 100-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა. გარდა ამისა, მისასალმებელია, რომ კომპანია ასაქმებს ახალგაზრდა ჰიდროენერგეტიკოსებსა და ინჟინრებს, რომელთათვის ასეთი ნდობის გამოცხადება არის მისასალმებელი და ძალიან კარგი, გონივრული ნაბიჯი. მჯერა, რომ ახალგაზრდა სპეციალისტები ამ ნდობას გაამართლებენ და თავიანთ წვლილს შეიტანენ დარგის განვითარებასა და ჩვენი ეკონომიკის წინსვლაში. ეს პროექტი არის გამოცდილ ევროპელ სპეციალისტებთან წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითი,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოსთან ერთად, „საგურამოჰესის“ პროექტი იქნება დამატებითი სტიმული პოტენციური ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში განახორციელონ კიდევ უფრო მეტი საინტერესო ბიზნესპროექტები.
ე.წ. მწვანე ჰესის უმაღლესი ხარისხითა და თანამედროვე ტექნოლოგიით მშენებლობისთვის კომპანიამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 11 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. აგრეგატი მთელი წლის განმავლობაში თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს. ამასთან, შესაძლებელი იქნება ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოყენება.
აგრეგატის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ-მდეა, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება – 32 მლნ.კვტ\სთ. საგურამოჰესის ტურბინა-გენერატორი და დამხმარე მოწყობილობები, ავსტრიულმა კომპანია ANDRITZ HYDRO SAS -მა დაამზადა, რომელიც ლიდერია ჰიდროაგრეგატების წარმოების დარგში.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” საგურამოჰესის მშენებლობა 2015 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო. პროექტის გასახორციელებლად კომპანიამ დამატებით 100-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0