სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებით, თემაზე „საქონლის ხორცის მიკვლევადობის მენეჯმენტი“ მრგვალი მაგიდა გაიმართა

23/09/2016

სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებით, თემაზე „საქონლის ხორცის მიკვლევადობის მენეჯმენტი“ მრგვალი მაგიდა გაიმართა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში,მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა ესწრებოდნენ.
ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ გახსნა. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტი სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვაა, რაც მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, მიმდინარეობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლეობის პროცესი, ახალი რეგულაციების შემუშავება და დანერგვა“-განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
„აუცილებელია საქართველოს ხორცის გადამუშავების დარგში უვნებლობისა და ხარისხის გაუმჯობესება და მათი ევროკავშირის სტანდარტებთან ადაპტაცია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევრობანკი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას. ხორცის პროდუქტების ხარისხის სტანდარტის გაზრდა დაეხმარება კომპანიებს გაიუმჯობესონ წვდომა ფინანსებზე და მოიზიდონ სტრატეგიული ინვესტორები“ – განაცხადა ბრუნო ბალვანერამ, ევრობანკის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმოამდგენლებმა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია სურსათის ეტიკეტირების წესებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შესახებ. 2017 წლიდან ძალაში შევა „ტექნიკური რეგლამენტი-საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის“ შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ბაზარზე განთავსებული საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სავალდებულო ეტიკეტირებას და ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს. სპეციალურად მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა კი დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრას 100-მდე ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი ესწრებოდა.
ევრობანკი ხორცის გადამამუშავებელი დარგის და მწარმოებლების წინაშე მდგარი გამოწვევების უკეთ შესასწავლად მსგავსი ტიპის შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს . პირველი ღონისძიების მიზანი არსებული გამოწვევების დაძლევისკენ მიმართული პროცესის ინიცირება წარმოადგენდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0