სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები 8 კანდიდატთან გაიმართება

25/08/2017

26 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე 2 კანდიდატის ჩანაცვლების მიზნით გასაუბრებები გაიმართება. სპეციალური სამთავრობო კომისია 8 პრეტენდენტს გაესაუბრება.
კონკურსში მონაწილეობის სურვილი 28 კანდიდატმა გამოთქვა, რომელთაგან 21 იურისტია (ბაკალავრიატის დონე და ზევით). კომისიამ შეაფასა კონკურსის ფარგლებში შემოსული განაცხადების პირველადი გადარჩევის შედეგები და გადაწყვიტა, რომ ხვალინდელ გასაუბრებაზე მოიწვიოს:
ირაკლი ადეიშვილი − შპს „ჯეოსელის“ უფროსი იურისტი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი, სასამართლო მედიატორი, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (ინგლისური ენის სერტიფიკატი Aptis-2016);
თამარ ალანია − თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი (ინგლისური ენის სერტიფიკატი IELTS-2017);
ნინო ბაქაქური − საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი (ინგლისური ენის სერტიფიკატი IELTS-2017);
იოსებ ბაჩიაშვილი − სამართლის დოქტორი, მეცნიერი, უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე (ინგლისური ენის სერტიფიკატი IELTS-2017);
კონსტანტინე ვარძელაშვილი − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (ინგლისური ენის სერტიფიკატი IELTS-2017);
კონსტანტინე კორკელია − იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით (ინგლისური ენის სერტიფიკატი Aptis-2016);
ოთარ სიჭინავა − თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (ფრანგული ენის სერტიფიკატი INSTITUT FRANCAIS-2017);
ლალი ფაფიაშვილი − საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით (ინგლისური ენის სერტიფიკატი Aptis-2017).
სპეციალური სამთავრობო კომისია სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრებებს ხვალ, 26 აგვისტოს, იუსტიციის სამინისტროში გამართავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0