დუშეთის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა, სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიის დაწყების მომენტიდან, რეგიონისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარე სალიკვიდაციო ღონისძიებებს მონიტორინგს პირადად უწევენ. ამ დრომდე, მოადგილეებთან ერთად, სტიქიის ზონაში რჩება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე.
„ადიდებული არაგვისა და ძლიერი წვიმის გამო, ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ფიზიკურად შეუძლებელი და საფრთხის შემცველი იყო სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყება. ტექნიკა განთავსებული იყო დაბა ფასანაურთან. როგორც კი იკლო ნალექმა და შესაძლებელი გახდა, დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური და ადამიანური რესურსით. აღნიშნული სამუშაოები პრობლემის სრულად აღმოფხვრამდე გაგრძელდება“- განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ორი ოჯახის ევაკუაცია მოახდინა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ასევე, შესთავაზა სხვა ოჯახებს დახმარება და დროებით უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.
შეგახსენებთ, რომ ძლიერმა წვიმამ დუშეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მნიშვნელოვნად დაზიანდა შიდა საუბნო და ცენტრალური გზების ნაწილი. შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა შესაბამისი ღონისძიება ამ დრომდე ინტენსიურად ტარდება. ამ ეტაპზე, რამდენიმე ლოკაციაზე- ქვეშეთის, გუდამაყრის, მაღაროსკარის, ფშავის, ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს სტიქიის შედეგად გამოწვეული სალიკვიდაციო სამუშაოები. გაწმენდილია შიდა საუბნო და ცენტრალური გზების ნაწილი. ასევე, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით დუშეთის მუნიციპალიტეტში განახორციელა სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოყვანა.
მოქალაქეთა საცხოვრებელ სახლებამდე მიყვანის მიზნით კი მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მობილიზებული იყო ტრანსპორტი.