სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ანგარიში მოისმინეს

27/04/2023

მიმდინარე და დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე ანგარიში მოისმინეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტის წევრებს ინფორმაცია სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოების თაობაზე სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდის“დირექტორის მოადგილემ, გიორგი ციბაძემ გააცნო. მისი განცხადებით, ფონდი აღნიშნულ სამუშაოებს აქტიურ ფაზაში ახორციელებს და სრულ მზადყოფნაში იქნებიან ფეხბურთში 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც ივნის-ივლისში გაიმართება.

„ფონდს 2023 წელს ბიუჯეტი 838 მილიონ 600 ათასი ლარის ოდენობით დაუმტკიცდა, რომელიც 23 სხვადასხვა პროგრამაზეა განაწილებული. დღეის მდგომარეობით, მხოლოდ სპორტულ ინფრასტრუქტურაზე 32 ხელშეკრულებაა გაფორმებული, საიდანაც შვიდი ხელშეკრულება სპორტკომპლექსების მშენებლობას მოიცავს, ხოლო დანარჩენი 25 ხელშეკრულება საქართველოში უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის სათანადო დონეზე ჩასატარებლად არის გაფორმებული“, – განაცხადა გიორგი ციბაძემ.

მისივე თქმით, სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს ზუგდიდში სპორტკომპლექსის მშენებლობაზე. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ფეხბურთში უეფას 21 წლამდელთა 2023 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ჩასატარებლად საჭირო სტადიონების მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობაზე. მისივე ინფორმაციით, ამჟამად სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ათივე სტადიონზე აქტიურ ფაზაშია, შესრულებულია სამუშაოების 85-90% პროცენტი და 15 მაისამდე მოხდება ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი სისტემების გამართულობის შემოწმება-ტესტირება. ფინალური მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება. კომიტეტის სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ აჭარაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ბოლო წლებში თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი დაიხარჯა. ბადრი ნაკაშიძემ მადლობა გადაუხადა ცენტრალური ხელისუფლის და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს.

„მნიშვნელოვანი სამუშაოებია განხორციელებული. მადლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს და განვითარების ფონდს, ასეთი რაოდენობის თანხა დიდი ხანია არ ჩადებულა საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში. რაც დღეს ხდება და ეს მისასალმებელია, ვინაიდან, ისიც მახსოვს სპორტული ობიექტების ადგილას საცხოვრებელი სახლები რომ შენდებოდა, დღეს კი ვითარება უკეთესობისკენ არის შეცვლილი“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0