„2023 წელს მხოლოდ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ქართველმა მოჭიდავეებმა 72 მედალი მოიპოვეს”, – აღინიშნა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ 2023 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ფედერაციის წარმომადგენლის, ოთარ მაღლაკელიძის განცხადებით, მიმდინარე წელს ფედერაციის შექმნიდან 30 წელი შესრულდა და ამ დროის განმავლობაში, ქართველი სპორტსმენების მხარდასაჭერად, ორგანიზაციამ არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განახორციელა. მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჭიდაობის ფედერაცია წლის საუკეთესო ფედერაციად ორჯერ დასახელდა.
„ჭიდაობა საქართველოში ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა. ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე ისტორიულად ქართველ სპორტსმენთაგან ყველაზე მეტი მედალი მოჭიდავეებს აქვთ მოპოვებული. ფედერაცია ყველაფერს აკეთებს, რომ სტატისტიკაში ეს უპირატესობა შეინარჩუნოს და კიდევ უფრო გაზარდოს“, – აღნიშნა ოთარ მაღლაკელიძემ.
მომხსენებელმა 2023 წელს ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილის მოჭიდავეების მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატზე, 20 მოჭიდავით წარმოდგენილმა ეროვნულმა ნაკრებმა 11 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა, რაც ისტორიულ შედეგს წარმოადგენს. წარმატებულ სპორტსმენებზე საუბრისას, მომხსენებელმა ცალკე აღნიშნა ლერი აბულაძის მიერ წელს მიღწეული შედეგები, რომელიც ჯერ ევროპის და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება ასაკობრივ ნაკრებებს, ოთარ მაღლაკელიძის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში 15, 17, 20 და 23-წლამდელთა ნაკრებებმა არაერთი გამარჯვება მოიპოვეს.
„ერთი ისტორიული და საამაყო შედეგის შესახებაც გეტყვით, რომელიც 2023 წელს დაფიქსირდა – ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა მოახერხა აბსოლუტურად ყველა ასაკობრივ ჯგუფში ჰყოლოდა მსოფლიო ჩემპიონი, ასეთი შედეგი ჯერ არ გვქონია“, – განაცხადა ფედერაციის წარმომადგენელმა.
სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაცია და ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობა კომიტეტის თავმჯდომარემ შეაფასა და ბოლო დროს ფედერაციის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე განცხადება გააკეთა.
„ძალიან შთამბეჭდავი იყო ფედერაციის მოხსენება და ის შედეგები, რომლებიც ქართველმა მოჭიდავეებმა სხვადასხვა ტურნირზე მოიპოვეს. აქვე მინდა ფედერაციასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს გამოვეხმაურო და გავახსენო ყველას, ვინც ჩაბმულია ამ პროცესებში, რომ ჩვენ დიდი სპორტული ოჯახი ვართ და ამ სპორტულ ოჯახში ბევრი სახეობა შედის, რომელსაც აერთიანებს სამინისტრო, ოლიმპიური კომიტეტი და შესაბამისი ფედერაციები. თუ რაიმე სირთულე წარმოიშობა, ამ საკითხების სოციალური ქსელებით გარჩევა, სწორად არ მიმაჩნია“, – განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.