სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი განიხილა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი განათლების და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს უკავშირდება, რომლებიც მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. კანონპროექტის თანახმად, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის მიმართულების ფუნქციები და უფლებამოსილებები განათლების და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა. ამასთან ერთად, სსიპ – ახალგაზრდობის სააგენტოს მაკონტროლებელ ორგანოდ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განისაზღვრება. კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ახალგაზრდობის მიმართულების ფუნქციების განათლების და მეცნიერების სამინისტროსთვის გადაცემას შეეხება
28/11/2023