სპეციფიკური ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის პროექტების წარდგენა

16/01/2019

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სპეციფიკური ნარჩენების მართვაში ჩართული კერძო კომპანიების, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, დონორების და სამოქალაქო სექტორის 150-ზე მეტ წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას (მგვ) დაქვემდებარებული სპეციფიკური ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტების პროექტები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის წარმომადგენლებმა სპეციფიკური ნარჩენების ეფექტიან მართვაში მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„საქართველოში წლიდან წლამდე უმჯობესდება ვითარება ნარჩენების მართვის მიმართულებით. მიღებულია ნარჩენების მართვის კოდექსი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ევროკავშირისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობა. ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში, საქართველოში ნარჩენების მართვის მიმართულებით ხელშესახები პროგრესი გვექნება“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას სპეციფიკური ნარჩენების მართვის სფეროში არსებული სიტუაციის, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულების ზოგადი მოთხოვნებისა და სპეციფიკური ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. წარმოდგენილი საკითხების გარშემო გაიმართა დისკუსია, გამოითქვა მოსაზრებები და რეკომენდაციები.
შეხვედრა პროექტების „ტექნიკური დახმარება საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემების სრულყოფისათვის” (ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტი) და „ტექნიკური დახმარება საქართველოში ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით ცნობიერებისა და კომუნიკაციის დონის და ამ დარგში ევროკავშირის მხარდაჭერის ცნობადობის ასამაღლებლად” ფარგლებში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი განსაზღვრავს ქვეყანაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვას სპეციფიკური ნარჩენებისთვის. ვალდებულება ძალაში 2019 წლის 1 დეკემბრიდან შევა.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საქართველოსთვის ახალ კონცეფციას წარმოადგენს და გულისხმობს გარკვეული პროდუქციის მწარმოებლებისა და იმპორტიორების მიერ პასუხისმგებლობის აღებას ამ პროდუქციის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების მართვაზე ისე, რომ შემცირდეს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.
სპეციფიკურ ნარჩენებს მიეკუთვნება: ნარჩენი შესაფუთი მასალა (პლასტმასი, ქაღალდი/მუყაო, ხე, ლითონი, მინა), ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ხმარებიდან ამოღებული საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, გამოყენებული ზეთები, ბატარეები და აკუმულატორები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0