მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები ყოველწლიურად გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებენ, რომელიც გარდა იმისა, რომ ინფლაციას სრულად დააკომპენსირებს, ასევე დამატებით გაიზრდება ეკონომიკის რეალური ზრდის 80%-ით, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის სოციალური პაკეტი გაიზრდება ინფლაციის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარით. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
„სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე საუბრისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ განმარტა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები სოციალური პაკეტის მიმღებთა შორის ერთერთი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიაა და მათ განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ.
„მიზანშეწონილია, ამ კატეგორიის პირთათვის საკანონმდებლო დონეზე იყოს გარანტირებული სოციალური პაკეტის ოდენობის ყოველწლიური ინდექსაცია და მსგავსი გადაწყვეტილებები არ იყოს დამოკიდებული ყოველ საბიუჯეტო წელს ამ მიზნისთვის გამოყოფილი ასიგნებების ოდენობაზე და ფისკალურ პარამეტრებზე“, – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.
მისი თქმით, სოციალური პაკეტის ინდექსაციის პრინციპის შემოღებით ჩამოყალიბდება სოციალური პაკეტის ზრდის მდგრადი მექანიზმი, რაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის/ბავშვებისთვის სიღარიბის პრევენციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება.