სოფო კილაძემ იძულებითი გადაადგილების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

05/07/2019

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების უფლებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და იმ პროგრესზე, რომელიც სახელმწიფომ გასწია დევნილთა მხარდაჭერის კუთხით.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს 300 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ არაერთი პროგრამა განახორციელა დევნილთა მხარდაჭერის კუთხით, გამოწვევად კვლავ გვრჩება მათი სოციალური მდგომარეობა და საკუთარ სახლებში დაბრუნების პრობლემა. დღევანდელი კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ შევიმუშავოთ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ამ ადამიანების ცხოვრება,“ – განაცხადა სოფო კილაძემ.

კონფერენციაზე ყურადღება დაეთმო საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობის გაუმჯობესების გზებს, ასევე იმსჯელეს საქართველოში არსებული შიდა გადაადგილების და მასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესახებ.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
კონფერენცია ორგანიზებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0