სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წელს 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

26/12/2019

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. წელს, მუნიციპალიტეტებში ჩატარდა 3 ათასზე მეტი საერთო კრება და მოსახლეობამ შეარჩია 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი. აქედან, გურიაში განხორციელდა 376 პროექტი, იმერეთში – 1042 პროექტი, კახეთში – 366 პროექტი, მცხეთა-მთიანეთში −536 პროექტი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში − 275 პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1061 პროექტი, სამცხე-ჯავახეთში – 309 პროექტი, ქვემო ქართლში – 399 პროექტი და შიდა ქართლში – 447 პროექტი.
ილია ბეგიაშვილის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარი გამოიყო, მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ კი 6 მლნ ლარი შეადგინა. თანხები შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა, სანიაღვრე არხების გაჭრა-გაწმენდა და სხვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0