სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

16/01/2019

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. მხარის რწმუნებული შალვა კერესელიძე და მისი პირველი მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის კიდევ 6 სოფელში იმყოფებოდნენ.
საერთო კრებები წილკანში, ძველ ქანდაში, ქსოვრისში, წინამძღვრიანთკარში, მუხრანში და ძალისში გაიმართა. ადგილობრივებმა სოფლებისთვის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და ერთობლივი მსჯელობის შედეგად ის პროექტები შეარჩიეს, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებზე ყველაზე მეტადაა მორგებული.
მხარის რწმუნებულის თქმით, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ქართული სოფლების გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ თვითმმართველობებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, რეგიონში პროგრამის წარმატებით განხორციელებას ხელს მაქსიმალურად შეუწყობს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს მთავრობის ინიციატივით განახლდა და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0