სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საძოვრების მდგრადი მართვის კონცეფციის დოკუმენტი განიხილეს.
საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და მათი დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოსაყალიბებლად, ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საძოვრების მდგრადი მართვის კონცეფციის დოკუმენტი შემუშავდა. მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ, სამინისტროსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლებმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად, კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
დოკუმენტით შემოთავაზებულ მთავარ სიახლეს წარმოადგენს სოფლის საძოვრის, ზამთრისა და ზაფხულის საძოვრის სტატუსების კანონით განსაზღვრა; ასევე, სახელმწიფოსა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრებით სარგებლობის რეჟიმების შემოღება, რაც გულისხმობს როგორც საერთო სარგებლობას, ასევე იჯარას. მართვის მუნიციპალური გეგმების მიხედვით მოხდება საძოვრების იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია, ზონირება და სარგებლობის რეჟიმების დადგენა. საძოვრების საერთო სარგებლობის სისტემა დაინერგება სასოფლო დასახლებების ახლომდებარე საძოვრებზე. შეიქმნება მოსარგებლეთა გაერთიანებები და მათ სარგებლობაში გადაეცემათ სოფლის საძოვრები. დანარჩენი საძოვრების გამოყენება შესაძლებელი იქნება იჯარით. პოლიტიკის დოკუმენტი საფუძვლად დაედება საძოვრების მართვის საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას. შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი ,სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის“ დოკუმენტი შემუშავდა პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში ჩამოყალიბებულ უწყებათშორის სამუშაო ჯგუფთან კოორდინაციით, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. პროექტის მხარდამჭერია გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF)
სოფლის მეურნეობის სამინისტროში საძოვრების მდგრადი მართვის კონცეფციის დოკუმენტი შემუშავდა
24/04/2023