ხაშურის მუნიციპალიტეტში დღეს, 16 იანვარს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში სოფლის პირველი კრებები გომსა და ვაყაში გაიმართა.
„მისასალმებელია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღსდგა. მნიშვნელოვანია ის, რომ სოფელის მოსახლეობა თავად არის ჩართული პროგრამაში და საზღვრავს პრიორიტეტებს, თუ რა სჭირდება მათ სოფელს. ეს არის ბიძგი სოფლის განვითარებისთვის. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯება და არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება. მნიშვნელოვანია, რომ განვითარდეს და გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა და ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებსაც ცენტრალური ხელისუფლება დაუჭერს მხარს“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.
კრებებს, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
კრებების მიმდინარეობისას გამოიკვეთა პრიორიტეტები. კერძოდ, გომის მოსახლეობამ საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა მიიჩნია მნიშვნელოვნად, სოფელ ვაყის მოსახლეობამ კი სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება. პროცედურის თანახმად, მოსახლეობამ არჩევანი კენჭისყრით დააფიქსირა. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
მნიშვნელოვანია რომ, არსებობს შერჩეული პროექტების თანადაფინანსების შესაძლებლობა, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებიდან.