სოფიო ქაცარავა, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად, წეროვანში ლტოლვილთა დასახლებას ეწვია

27/09/2017

სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან ვიგენინი და ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, სოფიო ქაცარავა სოფელ წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ეწვივნენ და დევნილი მოსახლეობის ცხოვრების პირობებს გაეცნენ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა კრისტიან ვიგენინს, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სპეციალურად შექმნილი დასახლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სახელმწიფო პოლიტიკის იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო დევნილი მოსახლეობის მიმართ სპეციალური პროგრამების და პროექტების საშუალებით ახორციელებს.
მინისტრის მოადგილემ ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ პრობლემებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ რუსი ოკუპანტების მხრიდან განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებზეც გაამახვილა ყურადღება.
კრისტიან ვიგენინი სოფელ წეროვანში დასახლებული დევნილი მოსახლეობისა და ახალგორსა და ცხინვალის რეგიონის სოფლებში დარჩენილი ქართველი მოსახლეობის ცხოვრების პირობებით დაინტერესდა.
სოფიო ქაცარავა: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ადგილზე უშუალოდ ეცნობიან ყველა იმ გამოწვევას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა. კრისტიან ვიგენინის და ასამბლეის დელეგაციის წევრების სოფელ წეროვანში ვიზიტიც სწორედ ამას ემსახურება, რომ პირადად გაეცნონ აქ არსებულ ვითარებას და იმ პრობლემებს, რაც საკუთარი საცხოვრებელი ადგილების იძულებით დატოვებას და სხვაგან გადასახლებას შეეხება. ზოგადად, ოკუპირებული ტერიტორიების თემაზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს და ამ კუთხით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მანდატი და მათი ჩართულობის მნიშვნელობა. პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ასამბლეის ეგიდით გამართულ ყველა საერთაშორისო ფორუმზე ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ დღის წესრიგში დადგეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო პარტნიორის ყურადღება მოვიზიდოთ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0