სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რწმუნებულის მოადგილემ შოთა როსტიაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისში დასრულდა კლუბის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში კლუბს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, დამონტაჟდა თეატრალური სკამები და მოეწყო სცენა. აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ნიუ პროჯეკტ” -ი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 199 555 ლარს. ასევე, დაბაში აქტიურად მიმდინარეობს ჩიხების რეაბილიტაცია . აღნიშნულ ჩიხებზე პროექტით დაგეგმილია ბეტონის საფარის მოწყობა. დღესვე, ხელმძღვანელმა პირებმა, სოფელ ივერიაში , შიდა გზის რეაბილიტაცია და სპორტული მოედნის მოწყობითი სამუშაოები ადგილზე მოინახულეს. სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ჯორჯიან ინვესტი”, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 149 899 ლარს. აღნიშნული პროექტით მოეწყობა სტანდარტების შესაბამისი მინი სტადიონი.
სოფელ ხერთვისში დასრულდა კლუბის რეაბილიტაცია
26/10/2022