სოფელ ჭრებალოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის მოწყობის მეორე რიგის სამუშაოები დასრულდა

20/09/2018

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის მოწყობის მეორე რიგის სამუშაოები დასრულდა, რომლის ფარგლებშიც მოპირკეთდა იატაკი, მოეწყო საშხაპეები და მაყურებელთა ტრიბუნები, დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობლები, განხორციელდა ეზოს კეთილმოწყობა და შემოღობვა.
დღეს, სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ დასრულებული სამუშაოები ადგილზე მოინახულეს.
სპორტული კომპლექსი მოიცავს საჭიდაო დარბაზს, გასახდელებს, საშხაპეებს და ადმინისტრაციულ ოთახებს. მშენებლობა 2017 წლის მაისში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ორ ეტაპად განხორციელდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 399 011 ლარი შეადგინა.
სპორტული დარბაზი ძირითადად საწვრთნელი ბაზის ფუნქციას შეასრულებს, როგორც ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა რეგიონიდან თუ ქვეყნიდან ჩამოსული სპორტსმენებისთვის. შესაძლებელი იქნება ადგილობრივი მნიშვნელობის ტურნირების გამართვაც.
აღსანიშნავია, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჭიდაობის მიმართულება საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, რასაც მოწმობს ადგილობრივი სპორტსმენების წარმატებები როგორც ეროვნული, ასევე მსოფიო მასშტაბით. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტრანდარტების მხოლოდ ერთი საჭიდაო დარბაზი ფუნქციონირებს, რომელიც საერთაშორისო ტურნირებსაც მასპინძლობს. ახლი საწვრთნელი ბაზის დაარსება ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო განვითარებას და ამბროლაურის, როგორც სპორტული ქალაქის ფუნქციის გაძლიერებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0