დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტონჩაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 850 000 ლარს აღემატება, მოეწყობა სათავე ნაგებობა და სოფელი სასმელი წყლის ახალი მილებით დაიქსელება.
სოფელ ტონჩაში მიმდინარე სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, პირველ მოადგილესთან, გიორგი ჩიფჩიურთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან მაცაცო ნარიმანიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის მასშტაბით მოსახლეობისათვის პრიორიტეტული პროექტები განხორციელდეს. მათ შორისაა წყალმომარაგების საკითხი. ახლა სოფელ ტონჩაში ვიმყოფებით, სადაც წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები მუდმივად არსებობდა, განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდში. აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ამ ეტაპზე შესაბამისი სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. პროექტის დასრულების შემდეგ კი, 100-ზე მეტი ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ამ მხრივ რეგიონში კიდევ არის გამოწვევები, რომელთა მოგვარება დიდ ფინანსებთან და სხვა რესურსებთანაა დაკავშირებული. ყველა ასეთი პრობლემის ერთდროულად გადაჭრა, არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, მარტივი არ არის, თუმცა კოორდინირებული მუშაობითა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, ეტაპობრივად კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შევძლებთ,” – განაცხადა დავით ნოზაძემ.
ცნობისათვის, სოფელ ტონჩის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.