სოფელ სიმონიანთხევში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გაიხსნა

18/09/2019

თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონიანთხევში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა. ბაღში სკოლამდელი განათლების მიღებას სიმონიანთხევსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები შეძლებენ. დაწესებულება 2 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი. ახლადაშენებული საბავშვო ბაღი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა, ბაღის აღსაზრდელებთან, მათ მშობლებთან და აღმზრდელებთან ერთად გახსნეს.

„მოხარული ვარ, რომ თიანეთს კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შეემატა. დასრულების ეტაპზეა საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა თიანეთშიც. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ღულელებისა და ჟებოტის ბაღებს. სახელმწიფოს სიძლიერე განათლებულ და განვითარებულ ახალგაზრდა თაობაშია. ჩვენი ახალგაზრდების განვითარებას კი საფუძველი, სწორედ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ეყრება“ – აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

სიმონიანთხევის საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დააფინანსა. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 300 000 ლარს აღემატება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0