ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთში ცოფის, ლაბორატორიულად დადასტურებული, შემთხვევა დაფიქსირდა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის- პაპუნა მარგველიძის გადაწყვეტილებით გამოიცა განკარგულება და აღნიშნულ ტერიტორიაზე საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. კარანტინის პერიოდი განისაზღვრება შემთხვევის დადასტურებიდან და მოქმედებს ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის გასვლის შემდეგ. კარანტინი გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, აღნიშნულ პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც დეტალურად განიხილეს ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა გეგმის პროექტი, შესაბამისად დაიწყო საჭირო ღონისძიებების გატარება. ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები- ქრისტინა კობახიძე, ლევან ზალკალიანი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი-ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს- რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი-გაბრიელ ჩიკვაიძე და ამბროლაურის რესურსცენტრის უფროსი- კახა რეხვიაშვილი ესწრებოდა. მოსახლეობას მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მითითებულ ნომერზე 1501; ან მიმართოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულ სამმართველოს (მის: ამბროლაური, ბრატისლავა-რაჩის ქუჩა #17).
სოფელ კვაცხუთში ცოფის, ლაბორატორიულად დადასტურებული, შემთხვევა დაფიქსირდა
15/03/2023