სოფელ ზედა საზანოში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

24/05/2018

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე და მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფრასტრუქტურის მონიტორინგის მთავარ სპეციალისტ ლაშა აბაშიძესთან ერთად სოფელ ზედა საზანოში, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება. ცენტრის მეშვეობით მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით.
მიმდინარე სამუშაოების დასათვალიერებლად ასევე იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ფანჩულიძე, მერის მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე და ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი, თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები და ადგილობრივი თვითვმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს. ქვეყნის მასშტაბით დღეისათვის 52 ცენტრი ფუნქციონირებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0