სოფელ გუგუტიანთკარში საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

16/08/2019

გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ისინი სოფელში შექმნილ ვითარებასა და არსებულ უსაფრთხოების გარემოს ადგილზე გაეცნენ. ელჩებს ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ მიაწოდეს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რაც მომდინარეობს ოკუპაციის ხაზის მოცემულ სეგმენტზე.

„საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე, რომლებიც მომდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ საფრთხეებზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებსაც აწყდება ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა ბოლო დროს განვითარებული უკანონო ე.წ ბორდერიზაციის პროცესის გამო. ზოგადად, ამგვარი ტიპის ვიზიტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ვინაიდან მაღალი რანგის სტუმრებს მიეცათ საშუალება, საკუთარი თვალით ენახათ ადგილზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული საფრთხეები“-განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

„მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ე.წ. ბორდერიზაციის პროცესით. ამ კონკრეტულმა შემთხვევამ, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დააყენოს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება და დიდი გავლენა მოახდინოს მათ ცხოვრებაზე. ჩვენ ეს ძალიან გვაწუხებს. ვიყენებთ ყველა შესაძლო საშუალებას, მათ შორის ჟენევაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა მტკიცედ რეაგირებს არსებულ ვითარებაზე. ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ სოლიდარობა გამოვხატოთ საქართველოს მთავრობისადმი”- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0