გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს შეხვდა. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში გამართული ღონისძიების მიზანი საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებისა და სისტემის დროულად დანერგვის საჭიროების დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა იყო. როგორც მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, ცირკულარული ეკონომიკის მიდგომების გამოყენება ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული ნარჩენების, საშიში ნივთიერებების წარმოების და მათი ზემოქმედების შემცირებასა და კლიმატური ცვლილებების შერბილებას.
„დღევანდელი ეკონომიკური სისტემა, წრფივი ეკონომიკა „აიღე-მოიხმარე-გადაყარე“ პრინციპით მოქმედებს და რესურსებს არაეფექტიანად მოიხმარს. შედეგად, რესურსების დეფიციტისა და გარემოს დაბინძურების საკითხები დღითიდღე მწვავდება. ცირკულარული ეკონომიკა წრფივი ეკონომიკის (წარმოება, მოხმარება, ნარჩენების გადაყრა) ალტერნატივაა, სადაც რესურსებს შეძლებისდაგვარად დიდხანს ვიყენებთ, სარგებლობისას მათი ღირებულების მაქსიმუმს მოვიხმართ, ხოლო შემდეგ, ექსპლუატაციის ყოველი ციკლის ბოლოს პროდუქტებსა თუ ნედლეულს აღვადგენთ და ახალ სიცოცხლეს შევძენთ”,- განაცხადა შეხვედრაზე სოლომონ პავლიაშვილმა.