სოკოს საწარმო ,,თეთრი ქუდი”, 20 სექტემბერს საქმიანობას ოფიციალურად შეაჩერებს

07/09/2022

სოკოს საწარმო “თეთრი ქუდი”, 20 სექტემბერს საქმიანობას ოფიციალურად შეაჩერებს. გიორგი დოხტურიშვილი რუსთავის მერთან ერთად საწარმოს დირექტორს შეხვდა. კომპანიის დირექტორმა, ალექსი ბერიძემ პასუხიმგებლობა აიღო და ოფიციალური განცხადება გააკეთა კომპანიის საქმიანობის შეჩერებაზე, რაც გულისხმობს საწარმოში კომპოსტირების შეწყვეტას და ქალაქის უსიამოვნო სუნისგან გათავისუფლებას. დღეს რუსთაველებისთვის წლების მანძილზე არსებული ძირითადი პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრა.

“ხელისუფლება ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე, მიიღოს კანონით დადგენილი ზომები თუ კომპანია მავნე ზეგავლენას მოახდენს მოსახლეობაზე და კანონით დადგენილ ნორმებს დაარღვევს” – გიორგი დოხტურიშვილი

უკვე წლებია რუსთავის მოსახლეობა უსიამოვნო სუნითაა შეწუხებული, რომელიც სოკოს საწარმოდან გამოიყოფა და ქალაქში ვრცელდება. 2019 წლიდან დღემდე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სტანდარტებთან შეუსაბამოო საქმიანობის გამო საწარმო არაერთხელაა დაჯარიმებული. სწორედ ამ საკითხზე რეაგირების და რუსთაველების კეთილდღეობის მიზნით ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად საწარმო ადგილზე მოინახულა და განაცხადა, რომ 20 სექტემბრიდან საწარმო კომპოსტირებას შეწყვეტს და ქალაქს უსიამოვნო სუნი აღარ შეაწუხებს. რწმუნებულთან და მერთან ერთად, სოკოს საწარმო ადგილზე მოინახულეს რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძემ, ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ და სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0