სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

20/11/2023

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიმდინარე თემატური მოკვლევის ფარგლებში, პარლამენტში ზეპირი მოსმენა გაიმართა. კომიტეტი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით თემატურ მოკვლევას ახორციელებს საკითხზე – ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების გავლენა ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე. შეხვედრაში დიდი ქალაქების ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლები, კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ მოკვლევის საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს. ​განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, მოკვლევის ჯგუფი ერთი თვის მანძილზე რეკომენდაციებზე იმუშავებს, რის შემდეგაც, შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

​„ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, ინფრასტრუქტურასა და ადამიანურ რესურსებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. სწორედ ამიტომ ვიყენებთ პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საზედამხედველო ინსტრუმენტს. დოკუმენტზე მუშაობის ფარგლებში მოკვლევის ჯგუფმა გამოითხოვა ინფორმაცია თითოეული მუნიციპალიტეტიდან, სამინისტროებიდან და სხვა უწყებებიდან. პროცესში ჩართულია კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭო. ასევე, გვქონდა გასვლითი ვიზიტები და უახლოეს პერიოდში მოკვლევის ჯგუფი ფინეთის საუკეთესო პრაქტიკას გაეცნობა. შემუშავებული რეკომენდაციები სხვადასხვა უწყებას მიეწოდება და კომიტეტი მათ შესრულებაზე ზედამხედველობას განახორციელებს“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0