საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საპატრულო პოლიციის 3 თანამშრომელი. პროკურატურამ მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, სასამართლოს მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების და თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობით მიმართა. გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 1 000 ლარის ოდენობით შეუფარდა და მათი თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2017 წლის 17 მაისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ბ.ხ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ,,BMW X5“-ის მარკის ავტომანქანის შეჩერების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, პატრულ-ინსპექტორებმა ზ.რ.-მ, გ.ს.-მ და ნ.ხ.-მ, გადაამეტეს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას და გორის გვირაბთან მოქალაქეთა ავტომანქანებით გადაკეტეს საავტომობილო გზა. აღნიშნული ქმედებით პატრულ-ინსპექტორები უსაფუძვლოდ იმედოვნებდნენ, რომ შეაჩერებდნენ ბ.ხ.-ს მიერ მართულ ავტომანქანას და მძღოლთან განახორციელებდნენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის მოქმედებებს, თუმცა, გორის გვირაბიდან მაღალი სიჩქარით გამომავალმა, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლების გამო ვერ შეძლო შეჯახების თავიდან აცილება, მუხრუჭის გარეშე გადავიდა პირველ ზოლში, რის შედეგადაც დაეჯახა გვერდულ ზოლში მდგარ ავტომანქანა ,,FORD TRANSIT 190 EF“-ს, ხოლო შემდეგ კი – საავტომობილო გზაზე განივად მდგარ სატვირთო ავტომანქანას ,,MERCEDES-BENZ ACTROS“. მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით.
სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საპატრულო პოლიციის 3 თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
11/08/2017